თბილისური დერბი საბურთალომ მოიგო

ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩში, თბილისური დერბი გაიმართა. საბურთალომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

 

თითქმის მთელი მატჩის მანძილზე, კორღალიძის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. სწორედ მასპინძლები უფრო უტევდნენ და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. საბურთალოს კუთხურის შემდეგ, ლოკომოტივის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გიორგი ჯგერენაიამ ისარგებლა და საბურთალოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

 

მეორე ნახევარში ლოკომოტივი გააქტიურდა, თუმცა არასაკმარისად. საბურთალოელთა მხრიდან გამორჩეული იყო ლევან ნონიკაშვილი, რომელიც თამაშში მშვენივრად ჩაერთო. კორღალიძის გუნდმა მეორე გოლი მატჩის ბოლოს გაიტანა. ლოკომოტივი დიდი ძალებით იყო წინ წასული, რა დროსაც საბურთალოს ახალწვეულმა აკაკი შულაიამ გიორგი გოჩოლეიშვილის კარგი პასი გაუკეთა და მანაც შეაგდო. 

 

საბურთალო მეორე ტურში სამგურალს ესტუმრება, ლოკომოტივი კი თელავს მიიღებს.