ანორთოსისმა ქულა ქართველების გოლებით აიღო (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, აპოლონი მიიღო და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი ქართველების ანგარიშზეა. ქეცბაიას შეგირდები 0:2 მარცხდებოდნენ, 1 ბურთი თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა, რის შემდეგაც გიორგი ქვილითაიამ პენალტით გაათანაბრა. ოქრიმ ამ სეზონში მე-7 ბურთი შეაგდო, ქვილითაიამ კი მე-12. აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილი გოლის გარდა ყვითელი ბარათითაც გამოირჩა. 

 

ანორთოსისის რიგებში ოქრიაშვილის და ქვილითაიას გარდა, ლორია და დაუშვილიც ძირითადში იყვნენ. სამმა ჩვენებურმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბუბა კი 63-ე წუთზე შეცვალეს.  

 

რაც შეეხება აპოლონის ქართველ ლეგიონერს გიორგი პაპუნაშვილს, იგი განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი აპოლონში 2020 წლის ბოლოს სარაგოსადან გადავიდა.