ჰარდენი დიდი დოზით

ჯეიმს ჰარდენი კევინ დიურანტის გარეშეც იგებს. კაირი ირვინგთან, ან - კაირის გარეშეც. ამ ეტაპზე, ჰარდენი კალათბურთით ყველაზე მაგარ სიამოვნებას იღებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯეიმსი კალათბურთით კაიფობს.

დიურანტმა სან ანტონიოსთან გასვლაზე დაისვენა.

კაირი ირვინგმა 27 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დასვა. შეცდომის გარეშე. გატეხა ირვინგის პროცენტმა (24/9), მაგრამ ეს ხდება ხოლმე. ეს კაირის სამყაროა.

და, ჰარდენი.

რომელიც კლავდა სისხლიანი ფუნჯით.

რომელიც დომინირებდა.

30 ქულა. ჯეიმსის საშუალო მაჩვენებელი. მარტივად.

15 პასი. კლასიკა. ჰარდენი საუკეთესო ინსტრუმენტალისტი იყო. დევიდ გილმორი ბრუკლინის ზედაში.  

14 მოხსნა. ორივე გუნდში ყველაზე დიდი დოზა. და, ჰარდენი გამთამაშებელია. და, ჰარდენი თამაშობდა. არ იძაბებოდა, არ განიცდიდა. უბრალოდ, თამაშობდა.

 

*****

 

ჯეიმსმა იდეალური საღამო შეცდომის გარეშე დახურა. ჯეიმსი იყო ყველაფერი და სან ანტონიოს მაგრად გაუმართლა. რომ ეს გარჩევა დამატებით დროში გადავიდა. ბრუკლინს მანამდე უნდა დაემარხა დაღლილი სპერსი.

ბრუკლინი სან ანტონიოში ისტორიულად ვერ იგებდა. მაგრად აგებდა. ბრუკლინმა აქ 17 მატჩის წაგების შემდეგ გაშანსა მოგება. ეს ჰარდენმა გააკეთა. 2002 წლის 22 დეკემბრის შემდეგ, ბრუკლინმა პირველად აწყენინა სპერსს სან ანტონიოში.

ჯეიმსი ბრუკლინში ყველაზე დახვეწილი შეფ-მზარეულია. 7 სამმაგი დუბლი 22 მატჩში. ჰარდენი კლავს. და, ჯეიმსის შემდეგი გაჩერება არის ჰიუსტონში. იქ, სადაც ჯეიმსი მონსტრი გახდა.

და, დიურანტის გარეშე ბრუკლინი მაინც კარგი გუნდია. ოდნავ ზარმაცი, მაგრამ -  საკმარისად კარგი. ბრუკლინი (23:13) აღმოსავლეთში ლიდერობს.

სან ანტონიომ ძირითადი დრო 10:0 გაქცევით დახურა. და, დამატებით დროში სან ანტონიო დახურეს.

ჯეიმსი იქ ფრედი კრიუგერზე ბასრი იყო.

სისხლის წვიმაში ტექსასი დამარხეს. მესამფლავე ჰარდენი იყო.