ირაკლი ხოშტარია დასვენებისთვის ზედმეტად კარგია

და, ეს ფაქტია.

ვერაში მუშაობის დროს ირაკლი ხოშტარიამ მიიღო გადაწყვეტილება - ის იღებს პაუზას. ვერა უმწვრთნელოდ დარჩა. და, შემდეგ, გუნდმა კიდევ ერთი სპეციალისტი ვერ შეინარჩუნა. ცუდი სერია.

თუმცა, დღეს ვერაზე არ ვსაუბრობთ. გუნდს ჰყავს მფლობელები და პროცესის დალაგება მათი საქმეა.

დღეს, ხოშტარიაზე დავილაპარაკოთ.

 

*****

 

რომელიც ბოლო წლებში საუკეთესო ქართველი სპეციალისტია.

საუკეთესო შედეგებით. დინამოში აღებული ორი ჩემპიონობა ბევრს უჯოკრავს.

საუკეთესო - დისციპლინით. და, ამაში დამეთანხმებიან ისინიც, ვინც პირველ პუნქტში არ მეთანხმება.

საუკეთესო - მიღებული ცოდნით. ხოშტარია ილიას ზუროსის ასისტენტი იყო. და, ზუროსისგან ბევრს იღებ, უკეთესი ხარ.

ხოშტარია დაიხვეწა და ოდნავ ხისტი, მომთხოვნი მწვრთნელი გარდაიქმნა. დღეს, ხოშტარიას ძალიან კარგად მიჰყავს თამაში. ხოშტარია პერმანენტულად სწავლობს და ეს პროცესი მისთვის არ არის დამღლელი.

არიან ისეთებიც, ვინც დინამოში მოგებულ ფინალებს ძალიან ძლიერი შემადგენლობით ხსნის. კი, დინამოს სერიოზული მოთამაშეები ჰყავდა, მაგრამ დინამოს საუკეთესო მწვრთნელიც ედგა სათავეში.

და, იცით, როდის გამოჩნდა ირაკლის პროგრესი და გამორჩეული აზროვნება?

როდესაც დინამო, ტიტულის დაცვის დროს ძალიან სუსტი შემადგენლობით დარჩა. როდესაც დინამოში ახალი მმართველი გუნდი მივიდა და აქცენტი ახალგაზრდებზე აიღო. და, მთელ ამ პროცესში უფრო ხოშიანად გამოჩნდა მწვრთნელი-ხოშტარიას სიღრმე და ერუდიცია.

მართლა მაგრად და ბოლომდე გამოჩნდა.

ირაკლი ისვენებს და, სიმართლე გითხრათ, სუპერლიგამ სადღაც, დაკარგა ელფერი. ხოშტარიას აქვს ის, რაც მხოლოდ მას ჰქონდა. როდესაც ირაკლი მოთამაშე იყო. მიმწოლი ხასიათი, თვითრწმენა და პროფესიონალიზმი.

ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

და, ირაკლიმ მშვენივრად წაიყვანა საქართველოს ნაკრების მატჩები საზოგადოებრივზეც. მართლა სასიამოვნო მოსასმენი იყო.

ველოდებით ხოშტარიას დაბრუნებას და ახალ წრეს დიდი პროფესიონალისგან.