ნამცხვარგეიტის სკანდალი

 

 

 

 

 

 

 

ესეც, ბატონო ბარსაგეიტი… ბოლო გეიტი, გეიტების გრძელი სიიდან. მოხდება სკანდალი, ჩაიდენს რომელიმე ქვეყნის ან სულაც ფეხბურთის კლუბის პრეზიდენტი რაიმე უმსგავსობას და  პრესასაც მეტი რა უნდა. ბოლოსართი „გეიტი“ მზადაა.

ოღონდ, ამ საკითხს ჯერჯერობით ვერ გავშლით, რადგან სულ ორი-სამი დღის ამბავია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი მთავარი თემა ის არის, რომ ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ, თავისი ბოგინის პერიოდში, ერთი მსხვილი პი-არ კომპანია დაიქირავა და ვინც არ მოსწონდა, ყველაზე ჭორები დააყრევინა. მათ შორის ფეხბურთელებზეც. მესიზეც.

 

Police arrest Josep Maria Bartomeu after raid on Barcelona's Camp Nou |  Barcelona | The Guardian

 

ეუფ, რა ეპოქა მოვიდა, არა? ეს, უფროსი ასაკის ხალხს მივმართავ. ადრე, კომუნისტების დროს, ჭორებს კგბ ყრიდა და ისიც ძირითადად პოლიტიკურად არასაიმედო ამხანაგებზე — დისიდენტებზე, „ოტკაზნიკებზე“, ჰიპებზე და მსგავს „მედასავლეთე ელემენტზე“. თან, ვიწრო წრისთვის. თანამოაზრეებში სახელი რომ გასტეხოდა. ახლა კი ინტერნეტის წყალობით, ყველამ ყველას ამბავი იცის და ამიტომაც გაჩნდნენ ჩვეულებრივი ჭორის დამყრელი სამსახურები, ოღონდ, ცხადია, ასე არ ჰქვიათ.

ნუ, იდეაში ჭორის დაყრა ვისაც კომპიუტერი აქვს ყველას შეუძლია, მაგრამ ეს სამსახურები საქმეს პროფესიულად აკეთებენ, პროფესიონალიზმი კი მაინც სხვაა.

თუმცა, გამიგრძელდა სიტყვა იმაზე, რაზეც ამ ბლოგში არ ვაპირებ ლაპარაკს. აქ, ერთი მოძველო, სახალისო ამბავი მინდა გავიხსენო და სულ ეს არის. მოკლედ, განმუხტვის დღე გვაქვს.

გეიტები, მოგეხსენებათ, უოტერგეიტით დაიწყო. ეს ამბავი ყველამ იცის — 1972 წელს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იყო, მისი ადმინისტრაცია, არჩევნების წინ, ფარულად უსმენდა კონკურენტების საუბრებს ვაშინგტონში, დემიკრატიული პარტიის უოტერგეიტის ოფისში, რამაც შემდეგ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია.

აი, ამის მერე, მსოფლიო პრესას ბოლოსართი „გეიტი“ მოეწონა და შეუბერა.

 

44 წელი უოტერგეიტის სკანდალიდან

 

 

დღეს, ჩვენ, ნამცხვარგეიტის სკანდალი გვინდა გავიხსენოთ.

ამბავი ასეთია: 2017 წელს, არსენალთან სათასო მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, სატონ იუნაიტედის 46 წლის სათადარიგო მეკარემ, ღიპიანმა უეინ შოუმ,  ნამცხვარი შესანსლა. სურათის სისრულისთვის: პრემიერლიგიდან თუ დავთვლით, სატონ იუნაიტედი მეხუთე დივიზიონის გუნდია, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალში(!) გავიდა და იქ, როგორც უკვე მიხვდით, თვით არსენალს ეთამაშა. წააგო, ცხადია - 0:2, მაგრამ, მერე რა. განა მეხუთელიგელი მერვედფინალში ხშირად ხვდება? ხვდება კი არა, ზოგ ქვეყანაში ამდენი ლიგა არც კი არსებობს. აი, ნამცხვარი ყველგანაა.

თუმცა, ნამცხვარიც არის და ნამცხვარიც. ღიპიანმა მეკარემ რომ შესანსლა ის სხვანაირი იყო: შოუმ შოუ მოაწყო. მერე თქვა ხალხი გავამხიარულე და არ დაგიმალავთ, ცოტა მშიოდა კიდეცო, მაგრამ ნამცხვარგეიტის სკანდალი მაინც ატყდა. თურმე ნუ იტყვით და ამ მატჩის წინ, ბუქმეიქერები ფსონს ჩამოსულან (8-1), შოუ მატჩის მსვლელობისას „ითოხლავებსო“. „ითოხლავა“ კიდეც.

ჰოდა, დაიწყო გამოძიება, რადგან ინგლისური კანონების მიხედვით, პროფესიონალ ფეხბურთელს ნიძლავში მონაწილეობის უფლება არ აქვს. საქმე იქამდე მივიდა, რომ  სატონის მეკარეს ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუხდა — აი, როგორც ნიქსონს პრეზიდენტობისთვის — მაგრამ მე არ მინდა დავიჯერო, რომ შოუმ ნამცხვარი ფულის მოგების გამო შეჭამა. აქ, მთავარი ის არის: პატარა სატონი დიდი შეჯიბრების მერვედფინალში გავიდა, მრისხანე არსენალს შეხვდა და ეს ყველაფერი იმდენად სახალისო და იმდენად ინგლისური გამოვიდა, რომ ასაკოვანმა, მსუქანმა გოლკიპერმა, ზედ ნამცხვარიც დააყოლა.

 

President Trump's scandals are becoming more similar to Watergate - Axios

 

აბა, ასეთ სისულელეზე ფულის გაკეთება თავში აზრად როგორ მოუვიდოდა. ბოლოს და ბოლოს მისი ნამცხვრის ჭამაზე სადმე, ვინმეს მართლა დიდი ფული რომ მოეგო, ხომ საციხოდ გაიხდიდა საქმეს.

იხალისმა ჯიგარმა და წავიდა! კარიერის უკეთეს დასასრულზე ალბათ ვერც იოცნებებდა.