რატომ არ გაუშვეს თბილისის დინამო ჩემპიონთა თასზე?

თბილისის დინამო ევროტურნირებზე პირველად 1972 წელს გავიდა... არადა, მანამდეც ეკუთვნოდა. უბრალოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობა ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით გუნდებს ევროარენაზე არ უშვებდა, კოსმოპოლიტური ტურნირიაო. მათ არ უნდოდათ წაგება, ეშინოდათ წაგების.

 

როგორც იცით, თბილისის დინამო 1964 წელს გახდა საბჭოეთის ჩემპიონი და წესით, 1965/66 წლების სეზონის ჩემპიონთა თასზე უნდა ეთამაშა. იმ წელს საბჭოეთიდან პირველად გაუშვეს გუნდი ევროტურნირებზე და ეს არ იყო თბილისის დინამო. ეს იყო კიევის დინამო, რომელმაც თასების თასზე მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალამდეც გავიდა, სადაც სელტიკთან გავარდა.

 

კიეველებიც საცდელად გაუშვეს - თასების თასზე შედარებით სუსტი გუნდები არიან და აბა ვნახოთ, როგორ გამოვლენო. ისიც, ხრუშჩოვი უკვე წასული იყო თანამდებობიდან და ამდენი წინაღობა აღარ შეხვდა უკრაინულ გუნდს: დართეს ნება, როგორც იქნა...

 

და თუ კიევის დინამო გაუშვეს, თბილისელებმა რა დააშავეს? საქმე ისაა, რომ საბჭოეთის მთავრობამ მაინც არ ისურვა, ჩემპიონთა თასზე რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბენფიკა, ინტერი და სხვა ფულიანი კლუბები გამოდიან, თბილისის დინამო კი შესაძლოა მათთან სამარცხვინოდ დამარცხდესო.

 

დასავლეთევროპელებთან წაგება საბჭოეთში ჩაითვლებოდა, როგორც სოციალიზმის წაგება კაპიტალიზმთან. არადა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, გულშემატკივრები მოითხოვდნენ ევროპაზე თამაშს და რა უაზრო მიზეზით ართმევდნენ ხალხს სიამოვნებას... სპორტკომიტეტმა მთავრობას სამჯერ სთხოვა, მაგრამ უარი, უარი, უარი!

 

და ვინ იცის, რა ხდებოდა? რატომ უნდა შერცხვენილიყო ჩვენი დინამო?!.. აი, კალათბურთში ასე არ იყო და ზუსტად 60-იანების დასაწყისში, იცით, დინამომ მადრიდის რეალს მოუგო ფინალი და ჩემპიონთა თასი ასწია.

 

ისე, როგორ დასრულდა ფეხბურთში ჩემპიონთა თასის ის სეზონი, რომელშიც თბილისელებს წესით უნდა ეთამაშათ? რეალმა მეექვსედ მოიგო ტიტული, ფინალში ბელგრადის პარტიზანს 2:1 მოუგო.

 

(ფოტოზე - რეალი 1966 - ჩემპიონთა თასის მფლობელი)