აბა, აბაო - მითხრა იტალიელმა ოფიციანტმა

 ხალხი თავისი სოფლის, ქალაქის და ქვეყნის გუნდს უნდა გულშემატკივრობდეს

დიდი ხნის წინ უემბლიზე ვიჯექი. გვერდით იტალიელი ბიძა მომიჯდა. ბიძა, როგორც მერე გავარკვიე ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ იტალიური გამოცემებისთვის მუშაობდა — ჟურნალისტი იყო. მის ბიძობას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მე მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი. ინგლისი საქართველოს ეთამაშებოდა და იტალიაც ჩვენს ჯგუფში იყო.

 

ადვილი წარმოსადგენია, რა გახარებული ვიქნებოდი. ჩემი ნაკრები უემბლიზე თამაშობდა და თავადაც იქ ვიყავი, გარშემო კი უცხოელი კოლეგები მესხდნენ. იტალიელი, რომელზეც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი იერის კაცი იყო, ცოტა გაფხორილიც კი. უნდა გამოგიტყდეთ, იმ პერიოდში იტალიის ნაკრები მესიმპათიურებოდა. უფრო სწორედ, ბავშვობიდან ორი უცხოური ნაკრები მიყვარდა, იტალია და საფრანგეთი. ჰოდა, მივუტრიალდი ბიძას და გამოვუცხადე: მე იტალიის გულშემატკივარი ვარ, მეთქი. შემომხედა, პაუზა დაიჭირა და ყასიდად, თან მედიდდურად მომიგო, მე კი საქართველოსიო.

 

ბიძის პასუხი საშინლად ყალბი იყო. მან უბრალოდ ზრდილობის ნორმა დაიცვა და… თან ინტონაციით მაგრძნობინა, რომ მე, პატარა საფეხბურთო ერის შვილი დიახაც უნდა ვყოფილიყავი მისი დიდი ქვეყნის გულშემატკივარი, აბა რა. 
და იმ დღეს ჩემს თავს მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვკითხე: რატომ უნდა მიყვარდეს მე სხვისი ქვეყნის გუნდი? მოწონებით კი ბატონო, რომელიმე კლუბი ან ნაკრები შეიძლება მომწონდეს, მაგრამ გულშემატკივარი? ფანი? 

 

რომ გითხრათ მას მერე უცხოელების ბურთაობას გულგარეთ ვუყურებ მეთქი, არ ვიქნები მართალი. ჩემი ფავორიტი გუნდებიც მყავს და მათი მოგებაც მსიამოვნებს, მაგრამ… ეს გუნდები თუ წააგებენ, საფლავში ნამდვილად არ ჩავყვები. 

 

ვფიქრობ, ხალხი თავისი სოფლის, ქალაქის და ქვეყნის გუნდს უნდა გულშემატკივრობდეს. თუ არ მეშლება ინგლისშია ასე. რომელიღაც ფორესტ გრინის ფანი არასდროს იტყვის რეალის ან ბარსელონას ქომაგი ვარო. არ არის და იმიტომ. კი, იცის, რომ რეალი და ბარსელონა ფორესტ გრინზე მაგარი გუნდებია, მაგრამ ერთიცა და მეორეც ჩირად არ უღირს. ის კი არა, მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგი ვარო, იმასაც კი არ იტყვის. ფორესტ გრინის ფანია და მორჩა. მის სისხლში, კულტურასა თუ სუბკულტურაში ფორესტ გრინი ზის. მამას შვილი დაჰყავს საყვარელი გუნდის თამაშებზე, შვილს შვილიშვილი… და ვერანაირი იუვენტუსი, მილანი და ატლეტიკო იმ სამყაროში ვერ ეტევა. იქ მხოლოდ ფორესტ გრინია და ინგლისის ნაკრები.

 

თუმცა, ერთმა პერუჯელმა ოფიციანტმა (დღეს იტალიური მაგალითების დღე მაქვს, ეტყობა) მითხრა, ჩემი გუნდი რომაა და მთელი ცხოვრება მისი ერთგული ვიქნებიო. გამიკვირდა. თან, იმ დროს რომა დიდი არაფერი გუნდი იყო. ამიხსნა — ჩვენ, იტალიელები მაინცდამაინც ჩვენი სოფლის და ქალაქის გუნდს არ ვქომაგობთ, ზოგი იუვესკენ არის, ზოგი მილანისკენ, მე კი რომასკენო. თანო, დაამატა, როდესაც, მაგალითად, ლაციო უცხოურ გუნდს ხვდება, მე როგორც რომას გულშემატკივარი იმ უცხოური გუნდისკენ ვარო.

 

რა საინტერესოა, მეთქი. აბა, აბაო. გერმანელები სხვანაირად არიან, ისინი უცხოური გუნდების წინააღმდეგ ერთმანეთს ქომაგობენ, ჩვენ კი არაო.
მოკლედ, ვის რა მოსწონს ვერ გაიგებ. აზიაში ევროპულ გრანდებზე გიჟდებიან. ზოგი ბარსას ფანია, ზოგი არსენალის და როდესაც ეს გუნდები მათთან კომერციულ ტურნეზე ჩადიან, აეროპორტიდანვე წივიან და კივიან. 

 

საქართველოში კომერციულ ტურნეს აზრი არ აქვს. რატომღაც ქვემო მაღაროში მილანმა საჩვენებელი ვარჯიში რომ გამართოს და მერე გოჩაჯიხაიშში ჩელსისთან ამხანაგური თამაში გამართოს… საქართველო პატარაა და მოუწყობელი. ჩვენ ყველაზე კარგს იმას ვიზამთ, ჩვენს გუნდებს თუ გავაძლიერებთ და ჩვენს ჭიას გავახარებთ.

 

ერთმა მითხრა (ჩემი აზრი მართლა არ არის), დიდი გუნდების თავგადაკლული ფანობა საკუთარ კომპლექსებთან ბრძოლის მეთოდია. ხალხი თავს დიდ კორპორაციებს აკუთვნებს და მერე გამარჯვებულად გრძნობსო.

 

ასეა? რა ვიცი, აბა. ისე, ის ჩემი იტალიელი ბიძა კიდევ თავაზიანი კაცი იყო, თორემ ვითომ ვინმე მიუნხენელს რომ უთხრა ბაიერნის ქომაგი ვარო გიპასუხებს, ჩემი მხრივ მე სამტრედიას ვგულშემატკივრობო?

 

თუმცა, ყველაფერი ხდება. ნაღდად ვიცი, რომ ერთი დონეცკელი კაცი მთელი ცხოვრება ლანჩხუთის გურიას თავგადაკლული ქომაგი იყო და თამაშს არ უშვებდა შედეგი რომ არ გაეგო და თავის დავთარში არ ჩაენიშნა…