ოლეს შოლა... სუპერტალანტი, რომელიც სიტიმ გაუშვა (+video)

მანჩესტერ იუნაიტედში ახალი სუპერტალანტი გამოჩნდა: 17 წლის შემტევი ნახევარმცველი შოლა შორტაირი. დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ როგორც ინგლისური პრესა წერს არაოფიციალურად, შორტაირმა საკმაოდ მიმზიდველი კონტრაქტი გააფორმა - ასეთი ჩაფულიანებული ხელშეკრულება ამ ასაკში არავის ჰქონიაო.

 

ოლე-გუნარ სულშერმა ნიუკასლთან ბოლო წუთებზე ათამაშა. ანუ, პრემიერლიგაშიც შედგა მისი დებიუტი. შოლა 2004 წელს არის დაბადებული, 2 თებერვალს გახდა 17 წლის.

 

შოლა შორტაირი წარმოშობით ნიგერიელია და შესაძლოა, მომავალში აფრიკული ქვეყნის ნაკრებშიც ითამაშოს. ჯეი-ჯეი ოკოჩას ადარებენ... მაგრამ აირჩევს ვითომ ნიგერიას? ინგლისში ყველაფერი კარგად მისდის, ასაკობრივი ნაკრებები მოიარა.

 

 

უკვე საინტერესო ისტორია აქვს. ნიუკასლის აკადემიაში იყო და საოცრებებს აკეთებდა, მაგრამ მანჩესტერ სიტი დაინტერესდა და აბა, ნიუკასლი მათ რას გაუწევდა კონკურენციას. მოკლედ, სიტიში გადავიდა, მაგრამ მალევე გაუშვეს გუნდიდან... მიზეზი? მშობლებთან ერთად ბარსელონაში ისვენებდა და ბარსას აკადემიის გუნდთან ერთად უვარჯიშია. ეს ქალაქელებმა გაიგეს და შოლა კლუბის სტრუქტურიდან გარიცხეს. მერე დაბრუნდა ნიუკასლში, ახლა კი აი, წითელ ეშმაკებშია.

 

შორტაირი 14 წლისა და 10 თვის იყო, როცა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშა!

 

სხვათა შორის, ნიგერიაში მის გვარს ასე წარმოთქვამენ: შორატირე. ინგლისში კი - შორტაირი.