ევროსაოცრებები – მეცი ეცა ბარსელონას (+VIDEO)

რუბრიკა: მივიწყებული „ქამბექები“ ევროტურნირებზე. პერიოდულად შემოგთავაზებთ ამბებს თავისი ვიდეოიანად...

ის, რაც 1984 წლის შემოდგომაზე ბარსელონას თავს გადახდა, ყველა ზომას გადასცდა. ტერი ვენეიბლზის გაწვრთნილმა ბარსამ თასების თასის პირველ წრეში სტუმრად 4:2 აჯობა ფრანგულ მეცს. რაღა ანაღვლებდა ინგლისელ სპეციალისტს? საქმე გაკეთებული იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად.  ორ კვირაში კამპ ნოუზე მეცმა 4:1 მოიგო!  

 

როცა მეცმა მზვერავი გაგზავნა ბარსას ლა ლიგის თამაშზე. კატალონიურმა კლუბმა ინფორმაცია გაავრცელა და გაზეთები სამასხარაო სათაურებით აჭრელდა, ხალხს სიცილად არ ჰყოფნიდა – ამ საწყლებს რამის იმედი აქვთო?

 

 

მეცი მართლაც უსახელო კლუბი იყო.  ფრანგული მასშტაბითაც კი! მეტი რაღა დავწეროთ, როცა მეცი იმ წელს საერთოდ პირველად გავიდა ევროტურნირებზე...  მითუმეტეს რა უნდა ექნა მეცს ბარსასთვის, როცა მათთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის ჩემპიონატში 0:7 წააგო მონაკოსთან?!

 

კარლო მოლინარი (მეცის მაშინდელი პრეზიდენტი): „თავიდან შემდგომ ეტაპზე გასვლაზე არც ვფიქრობდით. უბრალოდ, პირველმა თამაშმა გვაჩვენა, რომ ბარსას პრობლემები მრავლად ჰქონდა. მართალია, 4:2 მოგვიგეს, მაგრამ ოთხივე გოლი ჩვენი შეცდომით გაიტანეს.  მივხვდით, რომ ბარსელონაში შანსი გვექნებოდა“.

 

ჟან–ფილიპ რორი (მეცის ფეხბურთელი): „ბარსას ერთი სწრაფი მცველიც კი არ ჰყავდა, ჩვენ კი გვყავდა კურბოსი“.

 

მიშელ ეტორე (მეცის მეკარე): „ბარსას გერმანელ „ვარსკვლავ“ შუსტერთან მივედი და მივახალე, ახლა სად არის შენი დაპირებული ლორი–მეთქი“ (საქმე ისაა, რომ შუსტერმა პრესას უთხრა პირველი თამაშის მერე, მეცი ისეთი საჩუქარი გუნდია, ჩვენც რამით უნდა დავასაჩუქროთ, მაგალითად ლორითო)

 

ვენსან ბრაშილიანო (მეცის ნახევარმცველი): „ვხედავდით, ბარსას ფეხბურთელები პორშეთი და ფერარით დადიოდნენ, ჩვენ კი მოკრძალებული რენოთი და სიტროენით.  ყველანაირად უკან ვიყავით, მაგრამ  ეს ის მომენტია, როცა პატარა და იაფი მანქანა უსწრებს ფერარის“.    

 

ბარსამ სტუმრად ხომ მოიგო 4:2, შინაც დაწინაურდა და მეცმა ამის შემდეგ გაიტანა ოთხი გოლი. აქედან სამი შეაგდო ფორვარდმა ტონი კურბოსმა. სლოვენიაში დაბადებულმა უცნობმა ბიჭმა, რომელსაც არც კამპ ნოუს დაუვიყარ თამაშამდე და არც მას მერე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. არცერთი სანაკრებო მატჩი, არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული...

 

მარსელ იუსონის გაწვრთნილმა მეცმა ბარსელონა კი გამოთიშა, მაგრამ გგონიათ, შორს წავიდა? მერვედფინალში დრეზდენის დინამოსთან გავარდა. იმ სეზონში კი თასების თასი ევერტონმა მოიგო.  

 

ასეთი სირცხვილი ჭამა ბარსელონამ, რომელმაც ამ მათცამდე ორი თვით ადრე ნაპოლიში გაყიდა დიეგო მარადონა, თუმცა მაგარი ფეხბურთელები ჰყავდა: შუსტერი, ვიქტორ მუნიოსი, რამონ კარასკო, სტივ არჩიბალდი, ხოსე რამონ ალესანკო... 

 

თასების თასი. 1/16 ფინალი. 19 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

 

მეცი–ბარსელონა 2:4

 

გოლები: 0:1 ხულიო ალბერტო (12), 1:1 კურბოსი (44), 1:2 შუსტერი (47), 1:3 კალდერე (47), 1:4 კარასკო (64), 2:4 რორი (85 პენ)

 

ბარსელონა – მეცი 1:4

 

გოლები: 1:0 კარასკო (33), 1:1 კურბოსი (38), 1:2 სანჩესი (39 ავტოგოლი), 1:3 კურბოსი (56), 1:4 კურბოსი (85)