ჟოან ლაპორტა: ბარსელონა ეკონომიკურად მდგრადი გუნდი უნდა გახდეს

ჟოან ლაპორტა ბარსელონას ძველი ახალი პრეზიდენტია. იგი ამ თანამდებობაზე 2003-08 წლებშიც მუშაობდა. ლაპორტამ ბარსელონას პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, პირველი კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტთან გააკეთა. 

 

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა მათ, ვინც მხარი მე დამიჭირა. მადლობა გამგეობას, კომისიას, აუდიტორიას... ასევე მადლობას ვუხდი ბარსელონასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს, ისეთებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან, მაგალითად იოჰან კრუიფს. 

 

ეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. პანდემიის გამო ბევრ სირთულეს გადავაწყდით. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო, რაც ცხადია ძალიან სასიამოვნოა. 

 

რაც შეეხება მესის, სასიამოვნოა იმის ყურება თუ როგორ მოდის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი შვილთან ერთად ხმის მისაცემად. ეს იმის დასტურია, რომ ლეოს ბარსელონა უყვარს. 

 

ჩვენი მთავარი მიზანია ბარსელონა კვლავ იყოს ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი გუნდი. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. 

 

ბარსელონა ეხლა უფრო უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ოდესმა. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გუნდის გულშემატკივრებს სიხარული დავუბრუნოთ."-განაცხადა ლაპორტამ.