ოცნებები ხდება - პიონტეკი მილანის ფეხბურთელია 

„მილანის ქომაგი ვარ, აქ თამაშზე ვოცნებობდი“

 

ბიჭი, რომელიც სერია ა-ში 2018 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა, ჩემპიონატს კარგად მოერგო და კრიშტიანუ რონალდუს, ფაბიო კუალიარელას თუ ჩირო იმობილეს საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გაეჯიბრა, კარიერას მილანში გააგრძელებს.

 

როსონერიმ მიზანს მიაღწია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარი სამიზნე, ჯენოას თავდამსხმელი კრიშტოფ პიონტეკი გადაიბირა. 23 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა ჯენოა დატოვა და შავ-წითლებთან ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, გენუური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს.

 

„მილანში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მე თავდამსხმელი ვარ და მინდა რომ ყველა მატჩში გავიტანო. აუცილებლად უნდა ვიშრომო რაც შეიძლება ძლიერად და ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ბავშვობაში მილანის გულშემატკივარი ვიყავი, აქ თამაშზე ვოცნებობდი. ბედნიერებაა ვიმუშავო ისეთ ადამიანთან, როგორიც პაოლო მალდინია, მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა. ოცნებები ხდება.

 

წარმომიდგენია თუ რა დიდებული გრძნობა იქნება სან სიროზე თამაში. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდეს, ჩემი მიზანი ამ ტურნირზე თამაში და გოლების გატანაა“-ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი.

 

პიონტეკი, რომელსაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილს იკავებს, მილანში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.