zlatanera

 

 

 

 

 

 

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 4,5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებამ ორშაბათს შეიტყო, როცა ზლატანი საქართველოსთან და კოსოვოსთან მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს.

გაფართოებულში იმიტომ, რომ მას კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე გამოჯანმრთელდება. შეგახენებთ, ის 28 თებერვალს, „რომასთან“ სერია A-ს მატჩში დაშავდა.

 

Zlatan Ibrahimovic hints at Sweden comeback at age of 39 following superb  AC Milan form - Eurosport

 

„მცირე ტრავმის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩი ახლაც შესანიშნავ ფორმაშია, ჩემი აზრით, შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება სასიამოვნოა. გარდა იმისა, თუ რა შეუძლია გუნდს მოედანზე მისცეს, ასევე აქვს წარმოუდგენელი გამოცდილება და შეუძლია ნაკრების სხვა ფეხბურთელებს დაეხმაროს,“ - თქვა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა, შემადგენლობის დასახელების შემდეგ.

ეროვნულ გუნდში იბრაჰიმოვიჩმა ბოლოს 2016 წლის 22 ივნისს ითამაშა ბელგიის წინააღმდეგ. ეს ევროპის ჩემპიონატის მატჩი გახლდათ, ტურნირის შემდეგ კი საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხდა. ქომაგები უკვე მაშინ ხუმრობდნენ, ზლატანი კი არ წავიდა ნაკრებიდან, ნაკრები წავიდა ზლატანისგანო.

დღეს ის 39 წლისაა და დაბრუნება გადაწყვიტა. „ღმერთი ბრუნდება“ - დაწერა ზლატანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, მას შემდეგ, რაც ეროვნულ გუნდში გამოძახების ამბავი შეიტყო. ეს ფრაზა შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ შვედებისთვის რომ ის საკულტო ფიგურაა, ამას ვერავინ უარყოფს. 2012 წელს შვედური ენის საბჭომ, ზმნა - zlatanera, რაც დომინირებას ნიშნავს, ოფიციალურად დაამტკიცა შვედურ ენაში.

 

World Cup 2022: Could Zlatan Ibrahimovic return to the Sweden national  team? | MARCA in English

 

იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ, ნაკრების თავკაც ანდერსონს ხშირად ეკითხებოდნენ, აპირებდა თუ არა ზლატანის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას. ერთხელაც ვერ მოითმინა და ჟურნალისტებს მიახალა: ეს დაუჯერებელია, უკვე წელიწადნახევარია ზლატანი ნაკრებში აღარაა, ჩვენ კი კვლავ მასზე ვლაპარაკობთ. ზლატანი დიდი ჩემპიონია, მაგრამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ახლა სხვა სტილზე ვაწყობთ გუნდსო.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის წინ, იბრა ამბობდა: წინააღმდეგი არ ვიქნები რუსეთის ტურნირზე ვითამაშო, მაგრამ ეს მწვრთნელმა უნდა მთხოვოსო. მწვრთნელმა კი უპასუხა: ზლატანმა თავად თქვა უარი მუნდიალზე თამაშზე, ამიტომ მისი დაბრუნება ჩვენს გეგმებში არ შედისო. ამის შემდეგ შვედურ მედიაში ღიად დაიწყეს წერა ანდერსონისა და იბრაჰიმოვიჩის არცთუ თბილ ურთიერთობებზე.

შარშან ოქტომბერში, გაზეთ Expressen-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩმა მწვრთნელი გააკრიტიკა, აქაოდა, ეშინია გუნდში უცხოური წარმოშობის ფეხბურთელების მიწვევაო. რაზედაც ამდერსონმა ასევე მედიიდან მიუგო: მსგავსი განცდა არასოდეს მქონია და ზლატანმა ასეთი განცხადებით ძალიან მატკინა გულიო.

მერე იბრამ ინსტაგრამში შვედეთის ნაკრების მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.“ მერე თქვა, რომ მოენატრა ნაკრებში თამაში.

 

Zlatan Ibrahimovic scores extraordinary goal to wrap up crushing 4-2 win  for Sweden over England | Daily Mail Online

 

ამ განცხადებიდან ორ დღეში ანდეროსნი და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იტალიაში გაფრინდნენ იბრაჰიმოვიჩთან მოსალაპარაკებლად.

„ზლატანმა ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და მნიშვნელოვანი იყო მასთან დაუყოვნებლივ შეხვედრა. მიხარია, რომ შევხვდით. სასიამოვნო ვითარებაში ვისაუბრეთ და იმედი გამოვთქვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მართალია, ადრე რაღაც გაუგებრობა მართლაც გვქონდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა,“ - განაცხადა ანდერსონმა.

მოკლედ, ძველი წყენები დავიწყებულია და ზლატანის სანაკრებო რე-დებიუტი, შესაძლოა, 25 მარტს, საქართველოს ნაკრებთან შესარჩევ მატჩშიც ვიხილოთ.