საქართველოს ნაკრების უცხოელები

 

 

 

 

 

 

 

იოჰან ბოსკამპი, ექტორ რაულ კუპერი, ალენ ჟირესი, პეტარ შეგრტი, ივო შუშაკი, კლაუს ტოპმიოლერი, ვლადიმირ ვაისი და აგერ, ახლა ვილი სანიოლი. უიმე, რამდენი ყოფილან! მგონი კითხვაზე, ქართველებს ნაკრების სათავეში უცხოელი მწვრთნელი გვირჩევნია თუ ჩვენებური, პასუხს ამ გვარების ჩამონათვალი იძლევა. ეს ხალხი ხომ ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა ხელმძღვანელების დროს არის დანიშნული და თითოეული მათგანის დანიშვნას წინ უძღოდა ყბადაღებული მსჯელობა: ქართველი თუ უცხოელი? მერე კი, როგორც ხედავთ, დგებოდნენ და… უცხოელი მოჰყავდათ.

ამდენი უცხოელის მოყვანას მარტივი ლოგიკა აქვს: ქართველების კვალიფიკაციას არ ენდობოდნენ. დიდი ფეხბურთელების მეტი რა გვყოლია, მაგრამ დიდი ფეხბურთელი რომ კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს, ეს ყველამ იცის. ნუ, ხანდახან ნიშნავს, რასაკვირველია, მაგრამ ეს „ხანდახანი“ სად გინდა ეძებო…

 

ივო შუშაკი - ხორვატი, რომელსაც საქართველო ახსოვს

 

თუმცა, მეც არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ვამტკიცებდე, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელად ქართველს არასდროს უმუშავია. იყვნენ, გივი ნოდია, გიგა ნორაკიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, გაიოზ დარსაძე, თემურ ქეცბააია და კახა ცხადაძე. ოღონდ, ამათგან ზოგი დროებითი იყო, ზოგიც მიზეზთა გამო გამოვიდა დროებითი.

მე პირადად, ასე ვფიქრობ: ოღონდ კი ნაკრებს გამოადგეს და ვინც გინდა ის იყოს. და კიდევ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ყოველთვის ვქომაგობ, იმიტომ, რომ ვქომაგობ საქართველოს ნაკრებს. მერე შეიძლება რაღაცის გამო გავაკრიტიკო, მაგრამ პირველი და ბუნებრივი რეაქცია ასეთი მაქვს: ვგულშემატკივრობ! აი, ახლაც ვილი სანიოლისკენ ვარ. დანარჩენი გამოჩნდება.

და სანამ სანიოლი თავისი პირველი ქართული მატჩისთვის ემზადება, მოდი ჩვენი უცხოელი მწვრთნელები გავიხსენოთ. რომელი იყო მათგან ისეთი, დღესაც მადლიერების გრძნობით რომ ვიხსენებთ? ალბათ, ივო შუშაკი. მიზეზი მარტივია: სულ ორ შეხვედრაში გაიყვანა გუნდი მოედანზე და მათგან ერთი რუსეთს მოუგო!

 

ალენ ჟირესი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად?

 

აქ, აღარ აქვს მნიშვნელობა როგორი იყო შუშაკის ტაქტიკა, როგორ ამზადებდა გუნდს, როგორ „ქოქავდა“ მოთამაშეებს, დროულად ცვლიდა ფეხბურთელებს თუ არა... მეტიც, იმასაც კი აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ჰქონდა და როგორ დამთავრდა ის მეორე თამაში. აბა, ინტერნეტში ჩახედვის გარეშე რამდენი გაიხსენებთ შუშაკის მეორე თამაშს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში? თუ არ გახსოვთ, არ ეძებოთ, მე გეტყვით: ირლანდიაში წააგო 0:2. მაგრამ, ეს არავის აინტერესებს, რადგან ის რაც ხორვატმა რუსეთთან გააკეთა იყო Veni, vidi, vici! მივიდა, ნახა, გაიმარჯვა. და უღრმესი მადლობა მას ამისათვის!

სხვა მწვრთნელები?

მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესო კაცი იყო ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი, რომელმაც ჩვენს ეროვნულ გუნდს 5 შეხვედრაში უხელმძღვანელა — 1 ფრედ ათამაშა, 4 კი წააგო. მოგებათა პროცენტი გამოუვიდა — 0! და მაინც, ამ დოღრიალა კაცმა ხალხს თავი ცუდად არ დაამახსოვრა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გარისკა და ფართო გულშემატკივრისთვის უცნობი ახალგაზრდები ათამაშა. არადა, კარგად მახსოვს, წინა პერიოდში რამდენს ლაპარაკობდნენ, ფეხბურთელები აღარ გვყავს, არავინ გვეზრდება, რა გვეშველებაო. და მეორეც, ალალი, პირდაპირი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. რასაც აკეთებდა, გულით აკეთებდა, რასაც განიცდიდა ნაღდად განიცდიდა და ხალხსაც ეს მოეწონა და არა მისი 0%.

ალენ ჟირესი. წესიერი კაცი იყო, თან წარსულში დიდი ფეხბურთელი. იმასაც ამბობენ, რომ ნაკრებისთვის ფეხბურთელების ძებნაში საქართველოს საავტომობილო გზები სულ წინ და უკან დაიარა, თან საჭესთანაც თვითონ იჯდაო, მაგრამ… ჯამში დიდი ვერაფერი.

 

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: "დამარცხებულის მენტალიტეტი მაქვს"

 

კლაუს ტოპმიოლერი… ერთი-ორი ეფექტური თამაში მართლა ჰქონდა, ერთი-ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაკრებო დებიუტიც მის ხელში შედგა, მაგრამ ჩემთვის მაინც ის კაცია, ვის „ლევერკუზენსაც“ ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუვიწყარი გოლი გაუტანა და არა საქართველოს ნაკრების სანტა კლაუსი. ამბობდნენ, აქ აღებული ფულით, გერმანიაში ვენახი გააშენაო. ბარაქა, კლაუს!

ტოპმიოლერი რომ წავიდა იყო ვიღაც პეტარ შეგრტი. ორი თამაშიდან ერთი ფრედ ითამაშა და ერთი წააგო. მაშინ სეგრტად აცხადებდნენ და სტატიაც კი დავწერე, ეს კაცი რომ დანიშნეს, გაოცებისგან სევგრტი მეთქი. მერე თქვეს სეგრტი კი არა, შეგრტიაო და ფრაზა გამიფუჭეს. მგონი სულ ეს იყო მისი კვალი ქართულ ფეხბურთში.

ექტორ რაულ კუპერი კი ნამდვილად ცნობილი და დამსახურებული მწვრთნელი გახლდათ. ვალენსია ზედიზედ ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ არ გაუმართლა, რეალთან და ბაიერნთან წააგო. დიდი უიღბლო ვინმე ბრძანდებოდა. ინტერში რომ გადავიდა, იტალიის ჩემპიონობამდე 90 წუთიღა აკლდა, მაგრამ ბოლო ტურში(!) ლაციოსთან 2:4 წააგო და სკუდეტო იუვენტუსს გაატანა.

 

ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ

 

საქართველოში კუპერმა 1 თამაში მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 11 წააგო…

და ბოლოს იყო ვლადიმირ ვაისი, რომელზეც ყველაფერი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამიტომ აღარ დაგღლით: 16 მოიგო და 16 წააგო. 15 ფრედ ითამაშა. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. ერთა ლიგის C დონემდე ასვლასთანაც ახლოს იყო. მოკლედ, საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდ წარმატებებთან ხელის გაწვდენაში იდგა, მაგრამ…

არადა, როგორ ვგულშემატკივრობდი.