მახო მოსულა!

 

 

 

 

 

 

 

გითხრათ გულწრფელად? როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ, „აი, დარდი და აი, ბოღმა“. ზლატანი ბრუნდებაო. დაბრუნდეს, მერე.

„დათა თუთაშხია“ გახსოვთ? ქურდი რომ შედის საკანში. ფილმზე ვამბობ, თორემ რომანში ეგ ამბავი სულ სხვანაირადაა. ქურდს მახო ჰქვია და ხელის ბიჭი მოჰყვება, მის ბარგს მოათრევს. ამ მახოს დათას ადგილი მოეწონება და ხელის ბიჭს დაავალებს, „ერთი ამ ბიძას უთხარი ჩამოვიდესო“.

- რომელ ბიძასა, მახო-ჯან? - ეკითხება მსახური.

- წვერებიანს, რაღა.

მოკლედ, მთელი სცენის მოყოლა საჭირო არ არის. დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად გახსოვთ. ხელის ბიჭი თუთაშხიას მრავალმნიშვნელოვნად ეუბნება, მახო მოსულაო. აქაოდა, ადგილი გაათავისუფლეო. თუთაშხია კი ის კაცი არ არის, შეშინდეს და ადგილი დათმოს. ჰოდა, იწყება დიდი ჩხუბი.

 

ქურდი მახო მოსულა - YouTube

 

აი, რაღაც ასეთი ხდება შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის წინ.

- ბიძა-ჯან, ზლატანი მოსულაო.

- ვინ მოსულაო?

ჰოდა, აქ ჩანს დიდი განსვავება ქურდ მახოსა და ფეხბურთელ იბრაჰიმოვიჩს შორის: მახო ქურდია და საკანში საწოლზე აქვს პრეტენზია, იბრაჰიმოვიჩმა კი ტვიტერში დაწერა, ღმერთი ვარ და დავბრუნდიო. პრეტენზიაც, ალბათ, შესაბამისი ექნება.

არავის გეგონოთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მკრეხელობას ვსაყვედურობდე. ეგ რა ჩემი საქმეა. კათოლიკე ხორვატი დედისა და ბოსნიელი მუსლიმი მამის შვილი შვედეთში რას ამბობს, ჩემთვის სულერთია. მე მხოლოდ მის ამბიციას მინდა ხაზი გავუსვა და ჩვენებს ვუთხრა: ტყუილია. ეგ ზლატანა ღმერთი არ არის. მეტიც, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ არც საუკეთესოა. სამაგიეროდ, თავის წარმოჩენა და მეტოქის ფსიქოლოგიურად გაფუჭება ეხერხება და ახლაც ეგ ხდება.

- მახო მოსულაო.

 

Zlatan Ibrahimovic makes stunning return to Sweden national team / Qlur

 

ჰოდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც ხვდება ქართველი კაცი მახოს.

ახლა, ვინმე მეტყვის, იბრაჰიმოვიჩი თვალში ხომ არ გეპატარავებაო. არა, ბატონო.

რაც დათა თუთაშხიას მახო იყო იმ ციხის საკანში, ის არის იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთში. უბრალოდ, აქედან დათა უნდა დახვდეს. შეიძლება გაილახოს, წააგოს, ეტკინოს, მაგრამ საწოლი არ უნდა დათმოს.

თამაში წინასწარ არ უნდა წააგოს.

თუ წაგებაა, დაე ბრძოლაში იყოს. და, რომ იცოდეთ, ესეც არ არის აუცილებელი.

აი, ეს არის მთავარი.

და სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.

 

Zlatan Ibrahimovic To Return To Sweden National Team, Could Play In World  Cup Aged 41