გოლი იუვენტუსთან... ისტორია ნორჩი დინამოელიდან საბერძნეთამდე (+ფოტოები)

31 მარტს საბერძნეთი-საქართველო გაიმართება. შესარჩევის ორი წაგების მერე, უკეთესობის იმედი გვაქვს. ქართულ-ბერძნული საფეხბურთო გადაკვეთები... ურთიერთშეხვედრებზე არ დავიწყებთ.

ეს თბილისში დაბადებული ანდრო კიურჯევია, ანუ ანდრეას ნინიადისი. ამჟამად 50 წლის. ოლიმპიაკოსში იყო, 8-ჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც, საბერძნეთის ნაკრებში კი 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. ცაცია ნახევარმცველი გახლდათ.

 

ვინც არ იცის,მართლაც საინტერესო ისტორიაა: თბილისში დაიბადა, გაიზარდა, ბავშვობაში ნორჩ დინამოელში დადიოდა ცნობილ მწვრთნელ რეზო გაგუასთან.

 

17 წლის იყო, როცა თბილისის დინამოს მეორე გუნდში მოხვდა, ხოლო 19 წლისამ უკვე ბათუმის დინამოს მაისურა მოირგო და უმაღლეს ლიგაში ითამაშა. თან, მშვენივრადაც ითამაშა.

 

ურთულესი დრო იყო საქართველოში, ანდროს ოჯახს კი შორეული ნათესავები ჰყავდათ საბერძნეთის ქალაქ ვერიაში. ასე წავიდა ვერიაში. გარისკა, რადგან იქ საფეხბურთო წრეში არავინ იცნობდა, საქართველოში კი ასე თუ ისე სახელი ჰქონდა, პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა.

 

1991 წლის დეკემბერში ჩავიდა ვერიაში, რომელიც დაბალ ლიგაში თამაშობდა. თავიდან გასინჯეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ გასასინჯი არაფერი სჭირდა. დონით ყველას აღემატებოდა. ვერიას კი არა, მთლიანად საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

 

1994 წელს უმაღლესის ეთნიკოსში გადავიდა, სადაც ორი მშვენიერი სეზონი ჰქონდა და 25 წლის ასაკში მოხვდა საბერძნეთის საუკეთესო კლუბში - პირეოსის ოლიმპიაკოსში. იქ 8 წელი გაატარა და იუვენტუსს გოლიც გაუტანა ტურინში...

 

კარიერა კერკირაში დაასრულა და მერე 6 წელი ოლიმპიაკოსის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.