საქართველოს შეშინებული ნაკრები დამთავრდა!

 

 

 

 

 

 

 

ზოგმა იცის თქმა, ბედზე არ იწუწუნო, თორემ სამყარო ცუდს ცუდითვე დაგიბრუნებსო. და რომ ვაგინო შეიძლება? არც ეგ? აბა, რა ვქნა, ნეტარი სახით დავჯდე ლოტოსის პოზაში და იღბალს მადლობა მოვახსენო, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთ კვირაში კარგად ჩატარებული სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი ქულა წამოიღო?

 

მადლობა ბედო, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გოლამდე ორიოდ წუთით ადრე ოთარ კაკაბაძეს თავ-გზა აურიე და გოლი თავის კარში შეაგდებინე. ვიცი, რომ ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს. ვიცი, რომ ოთარმა იმ დღესაც და ესპანეთთანაც ქანცი გაიწყვიტა, სხვა ბიჭების მსგავსად საკუთარ თავს მაქსიმუმი ამოაძრო, მაგრამ არ შეარგე, იმიტომ, რომ არ მოგვეგო.

 

მადლობა ბედო, რომ ოთხი დღით ადრე, დანი ოლმოს წამატებულ წუთებზე გოლი გაატანინე. აბა, იმხელა ესპანეთთან ფრედ ხომ არ ვითამაშებდით? ლუის ენრიკემ თქვა, ოლმოს სათადარიგოთა სკამიდან ჩვენ დავუძახეთ დაარტყიო, მაგრამ, მოდი ათჯერ დავაბრუნოთ ის სიტუაცია და ვნახოთ. მაინტერესებს, ოლმო ათიდან რამდენს გაიტანს. ანდა, უკეთესს გეტყვით, ენრიკე რამდენჯერ გააგონებს მოედნის გადაღმიდან, დაარტყიო.

 

გესმით, ხომ? იმას კი არ ვამბობ, რომ წყნარ, სასათბურე ვითარებაში დავაყენოთ ეს ჩვენი ოლმო და ვარტყმევინოთ. ეგრე, ყველა გაიტანს. მოდი, აი, ზუსტად ის სიტუაცია აღვადგინოთ: ბოლო წუთი, მღელვარება, ბოლო შანსი…

 

 

ახლა, ვიღაც მეტყვის, იმ ესპანელი ბიჭისგან რა გინდა, შენს მეკარეს მიხედე, სად იდგაო. ვიცი, ბატონო, რომ ჩემი მეკარე წინ იდგა და სწორედ მაგის ჩათვლით ვთავაზობ ბედს მომენტის ათჯერ გამეორებას.

 

თუმცა… ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი ემოციაა. ცხელ გულზე ვწერ. იღბალს ჩვენკენ ყოფნას ვთხოვ. მართლა მიმაჩნია, რომ ამ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მეტ ქულას იმსახურებდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ რამე უსამართლოდ მოხდა. თუ გნებავთ, იმავე ესპანეთთან თამაშს გადავხედოთ. ბოლოს, ფეხბურთს მარტო მეტოქე თმაშობდა, ჩვენ კი ილაჯგაწყვეტილები წუთებს ვითვლიდით. ასეთ დროს დიდი შანსია, რომ გაგიტანენ და მნიშვნელობა არ აქვს, შორიდან იქნება ეს, ახლოდან, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან.

 

თუმცა, ერთი ფაქტია: რაოდენ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, ერთ კვირაში მიყრილმა ამ სამმა თამაშმა, რომელთაგან ორი წავაგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ (მშრალად თუ მივუდგებით, ცუდი შედეგია), ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა. და ეს, არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთის ცის კაბადონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურა, არამე იმიტომაც, რომ არსებითად იმავე ფეხბურთელების ჯგუფს, რომლებიც აქამდეც თამაშობდნენ საქართველოს ნაკრებში, ვილი სანიოლმა რაღაც სხვა უთხრა.

 

ვიმეორებ, იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერ გუნდებს, შვედეთს, ესპანეთს და საბერძნეთს ვეთამაშეთ, სამიდან  ორი წაგება და ერთი ფრე კარგი შედეგი არ არის, მაგრამ ამ სამ შეხვედრაში გამოჩნდა რაღაც ისეთი, რაც ადრე არ იყო: მეტი თავხედობა, მეტი სწორუპოვრობა, მეტი ორგანიზებულობა, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი, ახალი ფეხბურთელების თამამად ნდობა, მეტი გუნდურობა, ურთიერთდაზღვევა, მოვლენათა ცენტრის უფრო წინ, მოედნის შუაში გადატანა.

 

 

მერე რა რომ მეტოქე შვედეთია. მერე რა, რომ იბრაჰიმოვიჩს თავი ღმერთი ჰგონია. მერე რა, რომ მეტოქე ესპანეთია. მერე რა, რომ სანამ ჩვენ ვიღლებოდით საბერძნეთი ისვენებდა და, კაცმა რომ თქვას, ფსქოლოგიური უპირატესობაც ჰქონდა — ესპანეთს ესპანეთში ფრედ ეთამაშა. მერე რა, რომ ჩვენმა გუნდმა ერთ კვირაში ევროპის ლამის ყველა აეროპორტი მოიარა. მერე რა, რომ ბევრს მისი საკუთარ ქვეყანაში არ სწამს. მთავარი ის არის, რაც ვილი სანიოლმა სალონიკიში გამგზავრებამდე თქვა — პირველ ორ შეხვედრაში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ კარგი შედეგისთვის საკმარისი არ გამოდგა. ახლა, საბერძნეთში ქულებისთვის მივდივართო.

 

აი, ეს მიდგომაა მენიშნა. ოღონდ, ერთია. რაკი ასე დავიწყეთ, ამიერიდან ყველგან და ყველასთან ქულებისთვის უნდა გავიდეთ მოედანზე.

 

საქართველოს შეშინებული ნაკრები დამთავრდა! ბრძოლაში კი მოხდეს რაც მოხდება.