მაიამი ვულკანია

აღმოსავლეთში მოდაშია ფილადელფიაზე, მილუოკიზე, ბოსტონზე, ნიუ იორკზე და ბრუკლინზე საუბარი.

და, აღმოსავლეთში არ აქცევენ ყურადღებას გუნდს, რომელიც სტატუსით ამას იმსახურებს.

კონფერენციის მოქმედი ფინალისტი. გუნდი, რომელიც ისედაც ფერზე იყო და მაგრად გაძლიერდა. გუნდი, რომელიც ფლეი ოფში ბევრს დააგდებს.

მაიამი ჰიტი.

დაივიწყეთ მაიამის შედეგი (25:24, მეხუთე ადგილი კონფერენციაში, ფლეი ოფის ზონა).

ეს გუნდი თავს არავის არ დაუხრის. ეს გუნდი ძალაა. ეს გუნდი მიმწოლია.

ერთი წლის წინ მაიამი ლიგის ჰიტი იყო. წელს, გუნდი არ არის სტაბილური. მაიამის ჰქონდა ექვსმატჩიანი წარუმატებელი სერია (2017 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მონაკვეთი ჰიტისთვის) და მაიამიმ ეს სერიაც დახურა. ფლეი ოფის დროს ეს სხვა ბანდა იქნება. საშიში, ღრმა შემადგენლობა, გენიალური მწვრთნელი (ერიკ სპოელსტრა) და მეგაბოსი (პატ რაილი).

ფლეი ოფში ეს საკმარისია.

ხანდახან - ჩემპიონობისთვის.

 

*****

 

მაიამის აკლდა ლიდერები. მაიამის აკლდა ჯანმრთელი ლიდერები. დაძაბულ გარჩევებში გუნდს 13 მოგება და 14 წაგება აქვს. და, 27 მატჩიდან ბამ ადებაიომ 7 გამოტოვა. ჯიმი ბატლერმა - 7. გორან დრაგიჩმა - 16.

მაიამი ხშირად ფორსირებულად თამაშობს. 15 სხვადასხვა სასტარტო ხუთეული. ეს - შარშან. და, უკვე 21 სასტარტო ამ რეგულარულის 47 მატჩში. ძალიან ცუდი მაჩვენებელი. სპოელსტრას აკლია სტაბილურობა. ერიკს აკლია სრული გუნდი. და, მაიამი მაინც ძალიან კარგი, ძალიან სახიფათოა.

მაიამიმ ისედაც ძალიან კარგი შემადგენლობა ვიქტორ ოლადიპოთი გააძლიერა. სერიოზული სვლა. ძალიან სერიოზული სვლა. და, პროცესში, გუნდმა შეინარჩუნა თითქმის ყველა საკვანძო მოთამაშე. ნუ, კელი ოლინიკის გარდა. გადაიტანენ. კელი კარგი ბიჭია, მაგრამ არა - შეუცვლელი.

მაიამის რამდენიმე მოთამაშე ახალი კონტრაქტისთვის თამაშობს. ეს მნიშვნელოვანია. ეს ბევრს ნიშნავს. ეს სპოელსტრასაც აწყობს. სადღაც - აწყობს. ეს საკონტრაქტო ბულდოგები საკუთარ თავს არ დაზოგავენ. და, ალბათ, არც სხვას არ დაინდობენ. მაიამი ბევრი ძალიან ძლიერი მოთამაშით შეაკსდება ფლეი ოფში. ყველას.

მაიამის შეუძლია აუშვას ყველაზე სწრაფი, ყველაზე აგრესიული დამცველი ხუთეული არა მხოლოდ აღმოსავლეთის კონფერენციაში. მთლიანად - ლიგაში.

მაიამის ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი. ბატლერი.

მაიამის ჰყავს მონსტრი სამწამიანში. ყველაზე დაუფასებელი ტიპი ამ სეზონში. ბამ ადებაიო. რომელიც მშვიდად აგროვებს საშუალოდ 19 ქულას, 10 მოხსნას და 5 პასს. კლასიკა.

და, ერთხელაც - ბატლერი. ამ სეზონამდე ჯიმის პროცენტი საჯარიმოს ხაზიდან იყო 71. და, ამ სეზონში - 83. ბატლერი სამაგალითოდ კარგია. და, ეს არის მეხუთე საუკეთესო შედეგი ლიგაში იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც სულ მცირე, ხუთ საჯარიმოს ასრულებენ.

და, ადებაიო არის ერთ-ერთი იშვიათი მაღალი, რომელიც დაცვაში აგდებს რითმიდან კევინ დიურანტს, იანის ანტეტოკუმპოს, ბენ სიმონსს. მოკლედ - უნივერსალი. მოკლედ - გენიალური დამცველი.

მაიამის ჰყავს გენიალური გორან დრაგიჩი. მის გარეშე გუნდს 7:11 აქვს. დრაგიჩი შეუცვლელია ორგანიზატორი, სტაბილიზატორია.

მაიამის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს, რომელიც იმდენად მოქნილია, რომ ყველა ოპონენტს ერგება.

და, ეს გუნდი ბევრს დაჭრის. ეს გუნდი მხეცია, რომელიც ფლეი ოფში სტაბილურად მშიერი და დაგეშილი იქნება.

მაიამის სიღრმე (ტაილერ ჰიროუ, დანკან რობინსონი, ნემანია ბიელიცა, ანდრე იგუდალა და ტრევორ არიზა) მკვლელია.

და, დაელოდეთ ამ გუნდს.

სპოელსტრას მონსტრების ორგანიზაცია აქვს.