თორნიკეს ფლეი ოფში აუშვებენ

და, ერთ გუნდს არ გაუმართლებს.

გუნდს, რომელსაც ცსკა შეხვდება.

და, ეს გუნდი შეიძლება იყოს რეალი. ან - ბასკონია. ან - არა რეალი და არა ბასკონია. უბრალოდ, გუნდი. რომელსაც ყურს აუწევენ.

ცსკა დღეს არ არის ისეთი დაუნდობელი, როგორც - ბარსელონა.

ცსკას აკლია ეფესის აგრესია და ვარსკვლავები უკანა ხაზში. ცსკა ერთი მეოთხედით იძინებს ხოლმე.

 

მაგრამ გუნდი უკვე გუნდურად თამაშობს და ამ გუნდმა ულიდერო ხიმკი 97:72 გადასერა. ჭრილობები კიდევ დიდხანს არ შეხორცდება. ეს ჭრილობები ხიმკის უსისტემო მენეჯმენტის გამო ეგრო. პლიუს, არ თამაშობდა ალექსეი შვედი.

 

დიდი დანაკლისი.

თორნიკე ამ მატჩშიც ძალიან კარგი იყო. მძიმედ დაიწყო, დიდ შესვენებამდე ქულაზე მეტი შეცდომა (4:2) ჰქონდა და შემდეგ - მოუმატა. როგორც აკეთებს ხოლმე. თოკოსგან ორი ცუდი, ჩაგდებული ტაიმი არ მოსულა. თოკო სტაბილური ჯარისკაცია.

საბოლოოდ - 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება. და, თოკოზე ხუთჯერ (5) დაჯარიმდნენ. კლასიკა. პლიუს, თოკოზე გადატანილი ყურადღებით მშვენივრად ისარგებლა მაიკლ ერიკმა, რომელმაც 14 ქულა გლიჯა დაღლილ ხიმკის.

ცსკამ მოიგო ემოციით და ცსკამ მოიგო სიღრმით. სხვა, უფრო მონდომებულ ოპონენტთან უფრო რთული იქნება.

შენგელია უმატებს, არარეალურად უმატებს დაცვაში. ერთ-ერთი დაუფასებელი პერსონალური დამცველი. ევროლიგზე.

და, ცსკა ახალი ნიღბით იწყებს ჩემპიონის ტიტულის დაცვას.

ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯერ ეს მანქანაა.

სადაც თორნიკე შენგელია ლიდერია.