დინამო ბათუმმა და ლოკომოტივმა ქულები გაიყვეს

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში მორიგი მატჩი გაიმართა. გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, დინამო ბათუმმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

 

ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა სწრაფი გოლით გახსნეს. ვლადიმერ მამუჩაშვილის დარტყმული ჯარიმის შემდეგ, მცირე რიკოშეტი იყო და ბურთი მამარდაშვილის კარში აღმოჩნდა. ამის შემდეგ თამაშს უმეტესად აჭარლები აკონტროლებდნენ, თუმცა რკინიგზელებიც სახიფათოდ უტევდნენ. 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრების და ლოკომოტივის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ შეაგდო. იმრანმა ჯარიმა ჩააწოდა, 33 წლის მცველმა კი თავით აიღო ლაზარე კუპატაძის კარი. 

 

ზოგადად კაშია მართლაც გამორჩეული იყო. გარდა იმისა, რომ გურამმა გოლი გაიტანა, დაცვაშიც მშვენივრად იდგა და მის უშუალო მოვალეობას ასრულებდა.

 

მეორე ნახევარი მსგავსი სცენარით წარიმართა. აღსანიშნავია გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც გიორგი ნიქაბაძის ახლოდან დარტყმული მოიგერია და შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. 

 

დინამო ბათუმმა 12 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი თელავთან გამართავს. ლოკომოტივი 11 ქულით 3-ზეა და მომდევნო მატჩში სამგურალს მიიღებს. 

 

ეროვნულ ლიგაში გუშინ 2 შეხვედრა გაიმართა. ტორპედოს და შუქურას დაპირისპირება 0:0 დასრულდა, სამტრედიამ კი პირველი 3 ქულა აიღო და სამგურალს მათე კვირკვიას გოლით 1:0 მოუგო.