დინამომ დილას გუგეშაშვილის შეცდომით მოუგო, მესხზე გოლი არ გასულა

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბოლო 2 მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. 

 

მატჩის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. ლუკა გუგეშაშვილმა მოგერიებისას უხეში შეცდომა დაუშვა და იქვე მდგარ ნიკა გაგნიძეს ჩააბარა ბურთი, რომელმაც ერთი შეხებით აიღო სტუმართა კარი. გუგეშაშვილმა მსგავსი შეცდომა მეორე ნახევარშიც დაუშვა, თუმცა ხსენებულ ეპიზოდში დილა გადარჩა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ლუკამ რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. 

 

შეხვედრისას სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მატჩი უმეტესად მოქმედი ჩემპიონების კარნახით მიდიოდა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 13 ქულა დააგროვეს და პირველობა დაიბრუნეს, შემდეგ მატჩს კი შუქურას წინააღმდეგ გამართავენ. რაც შეეხება დილას, გორელები 11 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან და მომდევნო ტურში საბურთალოს დაუხვდებიან

 

მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, საბურთალომ თელავს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ და მეტადაც უტევდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ეს დიდ წილად გიორგი ჩოჩიშვილის დამასახურებაა, რომელმაც მშვენიერი მატჩი ჩაატარა. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში თითქმის 8 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა საბურთალოს ვიცე-კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. იგი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. 

 

საბურთალო 7 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში დილას შეხვდება, თელავი 6 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო მატჩს დინამო ბათუმთან გამართავს.