მილუოკიმ კარგი ბიჭი დაიტოვა

აღმოსავლეთში საინტერესო გარჩევები იწყება.

ბრუკლინი უკეთ იკითხება და კევინ დიურანტის გარეშე შეიძლება, ვერ გაქაჩოს. ჯეიმს ჰარდენიც ადგილზე უნდა იყოს.

ბოსტონმა ოდნავ აკრიფა, მაგრამ მწვანე გუნდი მაინც მძიმეა.

ფილადელფია ჯოელ ამბიდის გარეშე კარგია, მაგრამ - არასაკმარისად კარგი. ფილადელფია მაინც ბევრ დარტყმას ატარებს.

და, რჩება მილუოკი. გუნდი, რომელმაც ბოლო ორ ფლეი ოფში ბევრი ჭრილობა მიიღო.

გუნდი, რომელსაც ჰყავს მოქმედი ორგზის ემვიპი იანის ანტეტოკუმპო და ღმერთი დღესაც კლავს.

გუნდი, რომელმაც კრის მიდლტონს კარგი კუში მისცა.

და, გუნდი, რომელმაც დააფასა ერთი მაგარი ტიპის კარგი დაცვა და ეს პერსონაჟი გაიხანგრძლივა.

 

დრიუ ჰოლიდეი.

 

მოლაპარაკების პირველი ეტაპი - ჰოლიდეიმ უარი თქვა 2021/2022 წლების ოფციის გამოყენებაზე. და, ჰოლიდეის ეგრევე ახალი ხელშეკრულება დაუდეს. რომ სხვებს არ ეაქტიურათ.

ჰოლიდეიმ მილუოკისთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დეტალები არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ამერიკელი ინსაიდერები მაინც გვაწვდიან ციფრებს - 4 სეზონი, 135 მილიონი დოლარი. თუ ორივე მხარე მშვიდად მიიყვანს ხელშეკრულებას ბოლომდე, მოთამაშე 160 მილიონს აიღებს.

ჰოლიდეი მილუოკის მაქსიმუმს აძლევს. ჰოლიდეი მილუოკიში იანისის შემდეგ საუკეთესო პერსონალური დამცველია.

და, ჰოლიდეიმ ეს ხელშეკრულება დაიმსახურა. დღეს, დრიუ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაბალია. დამცველი დაბალი.

ჰოლიდეი ამ რეგულარულში აგვარებს. საშუალოდ 17.0 ქულა, 5.4 პასი, 4.6 მოხსნა, 38.8 პროცენტი სამიანებიდან.

ჰოლიდეი ნდობაა.

და, მილუოკიმ კარგი ბიჭი დაიტოვა.