ლეიკერსი დამარხეს

კლიპერსმა მიამტვრია ლეიკერსი 104:86. ულებრონო, უდევისო ლეიკერსი. კლიპერსიც მინუსში იყო (სერჟ იბაკა, პატრიკ ბევერლი), მაგრამ ეს არც ახსოვდათ.

და, კლიპერსმა პირველად დაგეშა რაჟონ რონდო.

პროფესორი. ალბათ, ბოლო კლასიკური გამთამაშებელი სროლის გარეშე. ალბათ, ეს არის რონდოს მესამე შანსი ჩემპიონობისთვის. და, ეს შანსი რეალურია. თუ კლიპერსი ითამაშებს, როგორც - ფავორიტი. და, არა, როგორც - მორიდებული თინეიჯერი, რომელსაც სახე აქვს მოსაწესრიგებელი.

რონდომ შარშან ლეიკერსთან ერთად მოხსნა ჯეკპოტი. დამსახურებული პენსია გარანტირებულია.

 

და, რონდომ ლეიკერსთან 2 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაირტყა. იქვე იყო 4 შეცდომაც, მაგრამ ეს მოგვარდება. ეს დალაგდება.

 

35 წლის რონდო კლიპერსს აუცილებელ სიმშვიდეს, სიღრმეს აძლევს. რონდოსთან ერთად კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი უფრო მეტს აიღებენ, წაართმევენ. ორი მონსტრი დასვენებული იქნება.

კავაიმ მშვიდად აკრიფა 19 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი. კავაი ქმნიდა და კავაი შლიდა ლეიკერსის ფანტაზიას.

ჯორჯიც სოლიდური იყო - 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა. ეფექტური დაცვა გაყინულ ლეიკერსთან.

კლიპერსმა მოიგო პერიმეტრი. კლიპერსმა წაიღო ლეიკერსის ყველა დერეფანი და პატარები ვერ სეირნობდნენ. კლიპერსი იყო ელეგანტური.

უნდა ყოფილიყო.

უბრალოდ, ლეიკერსი, რომელიც ბევრი ჭრილობით თამაშობს, აუცილებლად დაბრუნდება.

და, კლიპერსი შეასკდება კედელს, რომლის დამტვრევა მაგარი რთული იქნება.

კავაი თუ აფეთქდება...

და, კავაი თუ ჩამოშლის ამ სფეის ჯემს.