ქართული კალათბურთის კარგი ქრონიკები

პანდემიამ ყველაფერს დაარტყა. სიმშვიდეს, სტაბილურობას, პროგრესს. ბევრ სფეროში დაიკარგა მოტივაცია.

და, ეს მოტივაცია დარჩა, უფრო გაიზარდა კალათბურთში.

კონკრეტულად, ქართულ კალათბურთში. და, ეს რეალობაა.

Covid-19 პანდემიის გამო ბოლო ორი სეზონი ღონისძიებებით ნაკლებად დატვირთული იყო.

და, ამის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სუპერლიგის და A ლიგის ყველა გუნდმა გრაფიკით მიიღო გათვალისწინებული თანხა. ის თანხა, რომელიც კალათბურთს ცხოვრებას, პერსპექტივას, სიმშვიდეს აძლევს. გაიცა შეწყვეტილი ჩემპიონატების მომსახურე პერსონალის კუთვნილი თანხაც. ეს სვლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ლტოლვით და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და შესაბამის, სათანადო კომპენსაციებსაც იღებს.

 

შალვა გოგოლაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე): „საქართველოსთვის კალათბურთი სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობა გახლავთ, რომელსაც ჩვენთან უდიდესი ტრადიციები გააჩნია. ჯერ კიდევ 1962 წელს, თბილისის დინამომ მოიგო ჩემპიონთა თასი. დინამო საბჭოთა კავშირის ძალიან ძლიერ ჩემპიონატში გამორჩეული იყო. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ესტაფეტა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გადაიბარა და ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩვენმა ნაკრებმა უკვე მოასწრო ისეთი გრანდების დამარცხება, როგორებიც არიან სერბეთი, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო და ხორვატია.“

 

პანდემიის დროს ფედერაციამ ფინანსური დახმარება გაუწია ვეტერან კალათბურთელებს. ძალიან კარგი სვლა.  

ფედერაცია ცდილობდა საკალათბურთო აქტივობების შენარჩუნებას. ეს აისახებოდა შიდა ონლაინ-სემინარებში, კონფერენციებში და საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებში ჩართულობაში. აპლიკაცია ZOOM-ის მეშვეობით სისტემატიურად ტარდებოდა მწვრთნელების და მსაჯების როგორც შიდა, ასევე - საერთაშორისო სემინარები. აღნიშნულ სემინარებში ჩართულები იყვნენ FIBA-ს წარმომადგენლები.

და, კალათბურთის ფედერაცია იყო პირველი, რომელმაც პანდემიური დასტაბილურების შემდეგ, ვარჯიშების და ტურნირების ჩატარების მხრივ, დახურულ სივრცეში სპორტული აქტივობა განაახლა.

შალვა გოგოლაძე: ქართული კალათბურთის წარმატების უპირობო გამოძახილია ის გადაწყვეტილება, რომელიც FIBA-ს ხელმძღვანელობამ მიიღო და საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძლად დაასახელა. თბილისმა დიდი ხანია დაიწყო მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. შენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე, რომელიც ჩვენთან ჩამოსულ ნაკრებებს საუცხოო გარემოს შეუქმნის. მოხარულები ვართ, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის.“

ფედერაციის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, სპორტკომპლექს არენაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების უკონტაქტო ვარჯიშები ივნისის ბოლოს განახლდა და 4 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ვარჯიშებში ჩართული იყო საქართველოს ეროვნული, 20, 18, 16, 14, 13-წლამდელთა, ასევე - გოგონათა ნაკრებების წევრები და კანდიდატები.

ამ პერიოდში ფედერაციამ შეიმუშავა ახალი პროექტი „მოთამაშეთა განვითარების ლიგა“. აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო სტატუსს შეიძენს. დიდი პლიუსი.

ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის, კლუბებთან თანამშრომლობის შანსია. კლუბების ხელმძღვანელებს ეს კალათბურთელებზე დაკვირევების და სელექციის კარგ საშუალებას აძლევს.

 

საკალათბურთო სკოლები და აკადემიები

საქართველოში 100-ზე მეტი საკალათბურთო სკოლა/კლუბი/გუნდი არსებობს,  რომელთა

ნაწილი იურიდიულ, ნაწილი კი - ფიზიკურ პირებს წარმოადგენს.

აგრეთვე, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და

სპორტის სამინისტროსთან ერთად, აწარმოებს ყოველწლიურ სტატისტიკას, სადაც ჯამდება

თბილისიდან და რეგიონებიდან  კალათბურთში მონაწილე პირების საერთო რაოდენობრივი

სტატისტიკა.

 

და, ვუსმენთ ფედერაციის პრეზიდენტს პაატა გურასპაულს.

განვლილ და გასავლელ გზებზე, პერსპექტივაზე.

 

პაატა გურასპაული: ბედნიერება და ძალიან დიდი წარმატებაა, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლის სტატუსი მიიღო. ეს ერთობლივი ძალისხმევით, სწორი მენეჯმენტით გახდა შესაძლებელი. და, ეს მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის - ჩვენი გუშემატკივრისთვის, ქვეყნისთვის. საქართველოს ეწვევა ბევრი ტურისტი და ეს გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას, იმიჯს. საქართველო ერთ-ერთი პროგრესირებადი, ანგარიშგასაწევი ძალაა.

კარგი ტემპებით მიდის დარბაზის მშენებლობა. პრაქტიკულად, არ ჩავარდნილა მშენებლობის პროცესი, არცერთი დღე. ჩვენი ყველა თხოვნა და მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით დროულად დაკმაყოფილდა.

ჩვენი სურვილია, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, რომელიც თებერვალში იქნება, საქართველოს ნაკრებმა აქ ითამაშოს.

ბედნიერი ვარ, რომ არსებული პრობლემების ფონზე, ქართული კალათბურთი არ აგდებს ტემპს და წინსვლის სურვილი ყველამ შეინარჩუნა. პანდემიის მიუხედავად, სუპერლიგა დაბრუნდა და დაბრუნდა მოტივირებული. მოთამაშეებმა მონატრებული საქმე განაახლეს და ეს ყველასთვის აუცილებელი იყო.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ მოთამაშეთა განვითარების ლიგა მეტად დაიხვეწოს და როგორც გაჟღერდა, საერთაშორისო სტატუსი მიიღოს.

ჩვენ გვჯეროდა, რომ სუპერილის და სხვა ასაკობრივი ჩემპიონატის იძულებითი პაუზის მიუხედავად, ტურნირები განახლდებოდა. ბავშვები, მოზარდები უკალათბურთოდ დარჩნენ და ეს ყველას ტკივილი იყო.

ფედერაცია უკვე შეხვდა მწვრთნელებს, ბავშვების დონეზე გუნდების ხელმძღვანელებს და დაისახა კომპაქტური რეჟიმით შემუშავებული გეგმა. კალათბურთი ბავშვების გარეშე არ, ვერ იარსებებს.

აუცილებლად ჩატარდება NBA ჯუნიორი. ზაფხულში, ვერის ბაღში კალათბურთის დღესასწაული დაბრუნდება.

კალათბურთი ჩვენი სახეობაა და ჩვენ კალათბურთის გარეშე ვერ ვიარსებებთ.“

 

მე კი დავამატებ, რომ კალათბურთი ჩვენი მეგობარია. ეს მეგობრობა ფედერაციამ და ქვეყანამ გააძლიერეს, უფრო მეტი ნდობით შემოსეს.

ჩვენ ვართ კალათბურთი.

ჩვენ გვაქვს მომავალი.