ეროვნულ ლიგაში საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გაიმართა. მე-7 ტურის გახსნით შეხვედრაში, სამგურალი ლოკომოტივს ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად 3 ქულა აიღო. სოსიაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 3:2 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელებმა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგეს.
ანგარიში მე-9 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გამოცდილმა გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და სერგო კუხიანიძემ თავით შეაგდო. 6 წუთში მამარდაშვილს კვლავ მოუწია ბურთის კარიდან გამოტანა. ფონიავას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, კუხიანიძემ ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება, რითიც შალვა ბურჯანაძემ ისარგებლა და თავით გაიტანა.
მე-20 წუთზე ლოკომ 1 ბურთი გაქვითა და გოლი კვლავ სტანდარტულს მოჰყვა. იმრანის ჯარიმის შემდეგ, გურამ კაშიამ, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, ლოკოს მაისურით ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
28-ე წუთზე სამგურალმა 2 ბურთიანი სხვაობა აღადგინა. მამარდაშვილის უხეში შეცდომის შემდეგ, პაპუნა ფონიავამ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. ტაიმის დამატებულ წუთზე ლოკომოტივმა კვლავ შეაგდო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა. იმრანის მშვენიერი პასის შემდეგ, თორნიკე კირკიტაძემ ერთი შეხებით სცადა გატანა, თუმცა მეკარემ აუღო, დამატებაზე კი ქულით დაარტყა და ანგარიში 2:3 გახდა.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი და საინტერესო მატჩი ვიხილეთ.
სამგურალი 6 ქულით მე-8 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას დინამო ბათუმთან გამართავს, ლოკომოტივი კი 11 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და უახლოეს შეხვედრაში ტორპედოს დაუპირისპირდება.
ამ ტურის პირველი მატჩში სამტრედიაში გაიმართა, სადაც სამტრედიამ ტორპედოს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.