საბურთალომ გორიდან 3 ქულა წამოიღო

ეროვნულ ლიგაში მე-7 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. საბურთალო გორში დილას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 

 

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები და გუნდები თითოჯერ ძელმაც გადაარჩინა. საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე მაყურებელმა მშვენიერი მატჩი იხილა. 

 

ანგარიში 41-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ჩიტეიშვილმა ბურთი ნონიკაშვილს ჩააბარა, რომელმაც იური ტაბატაძეს გაუკეთა გადაცემა და მანაც ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა. საერთოდაც ტაბატაძე დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

 

54-ე წუთზე დილამ წონასწორობა აღადგინა. ირაკლი ბიძინაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. 7 წუთში გორელები 10 კაცით დარჩნენ. ლევან მაისაშვილმა 2 წუთიან ინტერვალში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 

 

საბოლოოდ საბურთალომ მაინც გაიტანა და 3 ქულა ჩაიწერა. გოჩოლეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ერისთავმა 85-ე წუთზე ზუსტად შეასრულა. სათქმელია, რომ ორივე მათგანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 

 

საბურთალომ პირველი ტურის შემდეგ პირველად მოიგო და 7 ქულით მე-6 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი შუქურასთან გამართავს. დილა 11 ქულით მესამეზეა და მე-8 ტურში თელავს შეხვდება.