როლან გაროსი გადაიდო

ცნობილი ფრანგული გამოცემის - „L’Equipe”-ის ინფორმაციით როლან გაროსის დაწყება გადაიდება. გაზეთი იტყობინება, რომ ტურნირის სტარტი 1 კვირით გადაიწევს და სეზონის რიგით მეორე დიდი სლემი   23 მაისის ნაცვლად 30 მაისს დაიწყება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

 

როლან გაროსის გადატანა დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან. ივნისის დასაწყისიდან საფრანგეთში შეზღუდვების შემცირება იგეგმება და ტურნირის ხელმძღვანელებს სურთ, რომ მაყურებელი ტრიბუნაზე დააბრუნონ, რითაც მათი ფინანსური მოგება გაიზრდება.

 

როლან გაროსის 1 კვირით გადადებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმ ბალახის საფაროვანი ტურნირების გაუქმება, რომლებიც სტარტს 7 ივნისს იღებდა: შტუტგარტი, ჰერტოგენბოსხი და ნოტინგემი. ასეთ შემთხვევაში არ შემდგარი ტურნირის ორგანიზატორები ფულად კომპენსაციას მიიღებენ მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაციისგან.

 

წელს, როლან გაროსზე პირველად ჩატარდება საღამოს სესიის მატჩები. 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ჯამში 10 მატჩია დაგეგმილი, რომელიც პარიზის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საღამოს სესიაში მხოლოდ მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მატჩები იქნებოდა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

 

„როლან გაროსზე ქალები და მამაკაცები ერთნაირ პირობებში იმყოფებიან. ეს ეხება როგორც საპრიზო თანხებს, ასევე იმ ფაქტსაც თუ ვინ ითამაშებს საღამოს სესიაში და ცენტრალურ კორტზე. 21:00 - ზე დაგეგმილი შეხვედრა 50%-იანი ალბათობით შეიძლება იყოს როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა მატჩი. ეს ტურნირის მთავარი მსაჯის გადასაწყვეტია.“

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღა პირველობაზე და US OPEN-ზეც არის საღამოს სესიის მატჩები. ორივე გრანდ სლემზე 2-2 შეხვედრა იმართება - ერთი ქალთა და ერთიც მამაკაცთა.