წამოვიღოთ ბურთი ცენტრისკენ?!

 

 

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია. დღეს, ქართველ გულშემატკივარს ამ ოცი წლის ბიჭის სახელი აკერია პირზე. მასზე ლაპარაკობენ ბავშვები, მისი თანატოლები, მამისა თუ ბაბუისხელა ადამიანები. ხვიჩამ უცბად შეაყვარა თავი დედებს, ბებიებს, ახალგაზრდა გოგოებს... მეც ჩემებურად გადავირიე — მისი დრიბლინგებისა და გოლების ჩამოტვირთვას შევუდექი, კომპიუტერში მინდოდა შემეგროვებინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბიჭი ჯერ კარიერის დასაწყისშია და სანამ ბოლოში გავა იმდენ გოლს შეაგდებს, რომ ყველას აღრიცხვა შეუძლებელი იქნება. ამას ცალკე არქივარიუსი სჭირდება. ან ოჯახის წევრი…

დღეს, ჩვენსავით ნერვებდაწყვეტილი ხალხისთვის ხვიჩა შვებაა. აქამდე, ყველაფერს ვაგებდით… ფეხბურთს, ტერიტორიებს, თავს. დაგვღალა უმუშევრობამ, უგულობამ, უნიჭობამ და უცებ… სადღაც, ფეხბურთის მოედანზე გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც ბურთი გადაუგდეს და მას არ შეეშინდა, უკან არ დაიხია, პირიქით, მოწინააღმდეგეს შეუტია. შეუტია და გოლი გაიტანა.

 

May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და გარეთ

 

ვინმე მეტყვის დიდი ამბავიო. რასაკვირველია, მას ჩვენთვის დაკარგული ტერიტორიები არ დაუბრუნებია და არეული ცხოვრება არ დაულაგებია, მან მხოლოდ ბურთი გააგორა, მაგრამ… თვითონ სულ რომ არ ჰქონდა ნაფიქრი ისე გვაჩვენა, რომ ერთმანეთის ზიზღს და წეწვას მეტოქის კარისკენ შეტევა სჯობია.

წინა ბოლგში, რომელიც საქართველოს ნაკრების ბოლო სამ თამაშს ეხებოდა, არაფერი მითქვამს ხვიჩას იმ გოლზე, ბერძნებს რომ გაუტანა. უფრო სწორედ თვითონ გოლზე კი არა, იმაზე, თუ რა გააკეთა ამ 20 წლის ბიჭმა გოლის გატანის მერე: ზეიმის ნაცვლად ბურთს ხელი რომ დასტაცა და ცენტრისკენ გააქანა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საბერძნეთთან სტუმრად (!) ფრე არ აკმაყოფილებდა, მოსაგებად მიიწევდა. უნდოდა მეტოქეს მალე განეახლებინა თამაში, ბურთი ხელში ისევ მის გუნდს რომ ჩავარდნოდა და შეეტია.

მეგობრებმა  მისაყვედურეს. ეს არ უნდა გამოგრჩენოდაო და მართლებიც იყვნენ.

ისე, ხვიჩას ამ საქციელს მარტო ჩემმა მეგობრებმა კი არა, მთელმა საქართველომ მიაქცია ყურადღება, ხოლო როდესაც რაღაცას ყურადღებას მთელი ქვეყანა აქცევს, ესე იგი ეს რაღაცა ამ ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის.

ხვიჩა კვარაცხელიამ ზეიმზე დრო არ დაკარგა! მოსაგებად გაიწია!

 

May be an image of ტექსტი, რომელიც შეიცავს 'F2 GROUPB WORLD 2022- EUROPEAN KANKAVA Quali GFF * GREECE 31.03.2021 VS GEORGIA TOUMBA GREECE THESSALONIKI, STADIO GFF'

 

რომ ეზეიმა და გახარებულ გუნდსაც ანგარიშის შესანარჩუნებლად დაეწყო წვალება, წავაგებდით.

ხვიჩას კი ეტყობა მოგება სისხლში აქვს! გული სთხოვს! სხვანაირად ვერ წარმოუდგენია!

მაგრამ!… ამდენი ქების მიუხედავად, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ საქართველოს ნაკრების გამოცოცხლება მარტო კვარაცხელიას რომ მივაწეროთ. არადა, სოციალურ ქსელებში ეს ბევრმა სცადა.

ჯერ ერთი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი არაფერი გაუკეთებია: ორი თამაში წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. და ეს რომ კარგი შედეგი არ არის, ჩემი თუ არ გჯერათ, მიდით და კვარაცხელიას ჰკითხეთ.

მეორე: არაპედაგოგიურია! ხვიჩა კარგი ბიჭი ჩანს, თავმდაბალი, ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული, მაგრამ მოდი ექსპერიმენტს შევეშვათ. ნუ გავუმეორებთ ახალგაზრდა კაცს ყოველდღე, რომ გენიოსია და საქართველოს ნაკრებში თუ რამე მოგვეწონა, მხოლოდ და მხოლოდ ის იყო. მას ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. დაახლოებით მისი ასაკის ჰოლანდებს და ვინისიუს ჟუნიურორებს ხომ ხედავთ, უკვე რა დღეში არიან. და პირადად მე საქართველოს ნაკრებში მარტო ხვიჩა არ მომწონებია. საერთოდაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ახალგაზრდები ვაქოთ, ვეტერანებს კი გარჯა არ დავუფასოთ.

 

May be an image of 1 ადამიანი და standing

 

ნუთუ, ამ სამ თამაშში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამორჩეულები არ იყვნენ? როგორ გაუჩნდებოდა ხვიჩას მოგების პრეტენზია, ჯაბას, გურამს და მათთან ერთად სხვა ბიჭებს თუნდაც ბოლო შეხვედრაში მეტოქე რომ არ მიეხრჩოთ? ტაბლოზე 0:2 ან 0:3 რომ ყოფილიყო? ან უბრალოდ, გუნდი მოედანზე უსუსურად რომ მდგარიყო?

და ბოლოს, სხვისი რა მოგახსენოთ და თქვენი მონა მორჩილი ვილი სანიოლს პირველ სამ თამაშს აქტივში ვუთვლი. მის ხელში საქართველოს ნაკრები შეკრულ, მებრძოლ გუნდად მეჩვენა. ჯერ მაინც მეჩვენას ვიტყვი, იყოს - არა. მაგრამ, გუნდს დავალება და ერთსულოვნება ეტყობოდა. ჰოდა, თუ ამ მსჯელობაში არ ვცდები, თუკი ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიაც სულ მეტად და მეტად გაიბრწყინებს, თანდათანობით სხვა ბიჭებიც გამოანათებენ და ჩვენც ნელ-ნელა ცხრილში ქულების დათვლას დავიწყებთ.

ამიტომ, მოდი, ყველაფერს აჯობებს, მეტოქის კარში შევარდნილ ბურთს ხელი დავტაცოთ და ცენტრისკენ წამოვღოთ!