გია გურული: პირდაპირი ადამიანი ვარ და რაც არ მომწონს ვიძახი, ამან ხელი შემიშალა

გია გურული 90-იან წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფორვარდი იყო. იგი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გატანილი გოლის ავტორია. გურულმა კარიერის საუკეთესო წლები საფრანგეთში გაატარა, როცა ლე ავრის ღირსებას იცავდა. 


ფეხბურთელობის შემდეგ გურულმა მწვრთნელობა დაიწყო და რამდენიმე ქართულ კლუბსაც ხელმძღვანელობდა, თუმცა დღეს აღარც ამ საქმეს მისდევს. 


Leadersport.ge გურულს საფრანგეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა. ბოლო სანაკრებო მატჩები, ვილი სანიოლი, ფრანგული ფეხბურთი, საქართველოს ჩემპიონატი....


- პირველ რიგში განვლილი 3 სანაკრებო შეხვედრა რომ შევაფასოთ...


- სამწუხაროდ შვედეთთან თამაშს რიგი მიზეზების გამო ვერ ვუყურე და გამიჭირდება ამ შეხვედრაზე საუბარი. ამ მატჩებში თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მეტი ქულა უნდა აგვეღო. ვფიქრობ ესპანეთთან კვარაცხელიას შეცვლა შეცდომა იყო. როცა ესეთი ფეხბურთელი გყავს, რომელსაც შეტევაში კარგად თამაში შეუძლია, ის უნდა გაანთავისუფლო დაცვითი ფუნქციებისგან და სრული თავისუფლება მისცე. სანიოლი ასე არ მოიქცა, რამაც ხვიჩას დაღლა გამოიწვია. მეტოქის მცველი შეატყობდა, რომ კვარაცხელიასგან დიდი ხიფათი იყო მოსალოდნელი და შეტევაში ნაკლებად წავიდოდა, ხვიჩას კი მეტ ყურადღებას დაუთმობდა. 


ბევრი მწვრთნელი ამბობს, რომ ტაქტიკას მეტოქიდან გამომდინარე ადგენს რაც არასწორია. ტაქტიკა იქიდან გამომდინარე უნდა დააყენო თუ რა ფეხბურთელები გყავს. გარედან საუბარი ადვილია, როცა აუტის ხაზთან დგახარ მაშინაა გადაწყვეტილება მისაღები, თუმცა მწვრთნელი მაშინ ხარ ძლიერი, როცა რთულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. 


საბერძნეთთან აუცილებლად მოსაგები თამაში იყო. საბერძნეთი გუნდს არ ჰგავდა. მეტოქე ყველა ასპექტში დავჯაბნეთ და სამწუხაროა, რომ ესეთი დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა სწორედ ამ გოლით გამოფხიზლდნენ ბიჭები და ეგრევე გაიტანეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კაკაბაძეს არავინ უთხრა რომ მარტო იყო. თამაშის დროს აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაცია, ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. თუმცა უნდა გავმიჯნოთ, კარნახი და ყვირილი ერთი და იგივე არ არის. ამ მომენტში კაკაბაძისთვის არავის დაუძახებია. მან არ იცოდა უკან ფეხბურთელი ედგა თუ არა. 


მესამე თამაშში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ბიჭები წინ თამამად მიდიოდნენ. თავიდან ცოტა გაუჭირდათ, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მინდა კვარაცხელიას მომენტი გავიხსენო, როცა რამდენიმე ბერძენი მოატყუა და დაარტყა. ხვიჩა ცოტა გამოცდილი რომ იყოს, პასს გააკეთებდა და ეს იქნებოდა ბრწყინვალე მომენტი მისი შესრულებით. ეს უკვე დიდი დონეა. 


- თქვენი აზრით სად უნდა გააგრძელოს კარიერა?


- ამას წინათ სლუცკის ვუსმინე და ძალიან სწორი თქვა. ის ჯობია არა გრანდში, არამედ კარგ გუნდში წავიდეს, მაგალითად აიაქსის დონის კლუბში. ხვიჩას სკამზე ყოფნა არ შეიძლება, მან მუდმივად უნდა ითამაშოს, სათამაში პრაქტიკა მისი ენერგიის წყაროა.


ხვიჩას ყველაფერი აქვს, ტექნიკა, დარტყმა, სისწრაფე, თუმცა სისწრაფეები ნელ-ნელა იკლებს. ყველა ტიკი-ტაკას თამაშს ცდილობს. ტიკი-ტაკა გვარდიოლას შემოტანილია, რომელსაც გუნდში ჩავი და ინიესტა ჰყავდა. 


- რა უნდა იყოს ამ ჯგუფში ნაკრების მიზანი?


- რთულია რამე მიზანზე საუბარი, ნურავინ მოსთხოვს სანიოლს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. ძალიან კარგად უდგება საქმეს, სიახლეებს ეძებს, მთავარია მას მუშაობის საშუალება მივცეთ და მგონია 2-3 წელიწადში შედეგს დადებს. შეიძლება გუნდში ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ შრომისმოყვარე და პროფესიონალი ბიჭები არიან, რომლებსაც წარმატების მიღწევა შეუძლიათ. პრესაში რაც იწერება ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე მოქმედებს. ფეხბურთელები და მწვრთნელი წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ. 


- სანიოლის დანიშვნას როგორ შეაფასებდით?


- მე მაგალითად მინდოდა, რომ ქართველი დაენიშნათ. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, არ მგონია სანიოლი 1200 ლარად ჩამოეყვანათ. ფრანგმა ბორდოში გუნდი გააკეთა, შემდეგ 21 წლამდელთა ნაკრებშიც იყო. კარგი ის არის, რომ ახალგაზრდა სპეციალისტია და მისი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვს. გარდა ამისა ბორდოსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი გუნდიდან წამოსვლა არასწორი იყო. სანიოლმა თქვა, რომ აფრიკელები არ სურდა, რადგან აფრიკის თასის დროს ფეხბურთელების გაშვებით ხელი ეშლებოდა და მე ვფიქრობ სწორიც იყო. 


საუბარი იყო, რომ სანიოლმა თითქოს ტაქტიკა დაალაგა, თუმცა 2 დღეში ამას ვერ შეძლებ, გამორიცხულია. ამას დიდი ანალიზი სჭირდება, ფაქტია ბიჭები მონდომებულები იყვნენ. მათ უნდათ ახალ მწვრთნელს საკუთარი შესაძლებობები დაანახონ. იყო რაღაც ტექნიკური შეცდომები, რაც ბუნებრივია. ამ ყველაფრის გამოსწორებას დრო სჭირდება. 


- დებიუტანტების თამაშს როგორ შეაფასებთ?



- გიორბელიძემ თავიდან 1-2 შეცდომა დაუშვა, თუმცა შემდეგ დალაგდა. ამ ბიჭს კარგი თვისებები აქვს და საქმეს თავი მშვენივრად გაართვა. ჩაბრაძეზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან როგორც გითხარით შვედეთის თამაშს ვერ ვუყურე.


- ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე რა აზრის ხართ?


- დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები და არ დავიწყებ რა და როგორ იყო. მის მუშაობას დადებითად ვერ შევაფასებ. ჩრდ. მაკედონიასთან თამაში ჩვენთვის დიდგორის ბრძოლასავით იყო. არანაირი მონდომება არ ჩანდა, კი ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის, მაგრამ მწვრთნელი იმისია, რომ ბიჭებს მოტივიაცია მისცეს. სწორედ მწვრთნელისგან გადადის ყველაფერი მოთამაშეებზე. არც მისმა არჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა. უფრო მეტად უნდა გაერისკა. 


მანამ არ გვექნება პროგრესი, სანამ ბავშვს ფეხბურთზე ფულის გადახდა მოუწევს. დღეს ამბობენ ნიჭიერია და ითამაშებსო. სად ატყობენ 5 და 10 წლის ბავშვს ნიჭს. მხოლოდ ამაში არ არის საქმე. უნდა დააკვირდე ვინ როგორი მონდომებულია, ვის როგორ უყვარს ფეხბურთი და ასე შემდეგ. ფეხბურთის სიყვარული თუ არ გაქვს არაფერი გამოვა. ფეხბურთს დიდი შრომა სჭირდება, ყველაფერი უნდა გადადო, რომ წარმატებას მიაღწიო.


- ბევრი თვლის, რომ ქართველ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?


- როგორ უნდა მოსთხოვო ფეხბურთელს პროფესიონალიზმი, როცა 800 ან 1000 ლარი აქვს ხელფასი? მოწმდება რო კონტრაქტები? მაგალითად საფრანგეთში მინიმუმი ხელფასი 1300 ევროა. ასევე მინიმუმი ანაზღაურებაა დაწესებული ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში, ჩვენთან მსგავსი არაფერია. სამწუხაროა, რომ ბიჭები მზად არიან პირველივე შემოთავაზებას დათანხმდნენ, რომ ოჯახი არჩინონ. 

 




- საქართველოში რამდენიმე გუნდის მთავარ მწვრთნელად გიმუშავიათ. დინამო ბათუმი, ხობის კოლხეთი, შუქურა, გურია... დაბრუნებაზე ხომ არ გიფიქრიათ?


- მე პირდაპირი ადამიანი ვარ და რაც არ მომწონს ვიძახი, ამან ხელი შემიშალა. ერთ გუნდში მითხრეს, რომ ფეხბურთელებისთვის პრემია მოგვეხსნა. ვუთხარი ჯერ რა აქვთ და ის როგორ მოვუხსნათთქო. იმის მაგივრად, რომ ანაზღაურება მოგვემატებინა, დაკლებაზე იყო საუბარი, მსგავსი მიდგომა ვერ ავიტანე და წამოვედი.


- ანუ აქაური სიტუაცია არ მოგწონთ


- დიახ, ეგრეა. ჯერ ეს ერთი განვითარების საშუალება არ გაქვს და არ გაქვს გარანტია, რომ ხვალ და ზეგაც იმუშავებ. როცა გუნდში მივდიოდი, იმ წუთასვე ვამბობდი, რომ ყველაფერი მე უნდა გადამეწყვიტა და ჩემს საქმეში არავინ ჩარეულიყო. როგორც კი შევატყობდი, რომ ჩარევის მცდელობა იყო, იქ ყოფნა უკვე აღარ მინდოდა. წაგებაც და მოგებაც მე მბრალდება და არა პრეზიდენტს ან სპორტულ დირექტორს. შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ დაუწერელი კანონია. ევროპაში მწვრთნელის საქმეში არავინ ერევა, მას კონტრაქტი იცავს, საქართველოში კი სამწუხაროდ ასე არ არის. 


- ამჟამად რას საქმიანობთ?


- ჩემს მეგობარს აქვს თევზის ბიზნესი და მთხოვა დახმარება, გვერდში დავუდექი. საქართველოში თევზი სამწუხაროდ არ უყვართ, ჩვენ უფრო ხორცის ქვეყანა ვართ. 


- დინამო თბილისის დღევანდელ მდგომარეობაზე როგორია თქვენი აზრი?


- დინამოზე ლაპარაკი ძალიან რთულია, რადგან ჩემთვის გუნდზე მეტია. რომან ფიფია ძალიან მეცოდება, ადამიანი ამდენ ფულს ხარჯავს გუნდის განვითარებაში და შედეგი არ აქვს. ეს მისი ბრალი ნაკლებადაა. რომანს კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია და გვერდში დგომაც იცის. 


- თუმცა საქართველოში დინამოს წარუმატებლობას პირველ რიგში ფიფიას აბრალებენ.


- როცა სკოლის დირექტორი ხარ და ბავშვები ოროსნები გამოდიან, შენ გბრალდება, ასეა ფეხბურთშიც. ჩემი აზრით მენეჯმენტშია დიდი პრობლემები. ქართულ ფეხბურთში სერიოზული სპეციალისტები გვყავს და ისინი უნდა დაიყენოს გვერდში. ჩემი საქმე ვინმეს გაკრიტიკება არ არის, მაგრამ ფინანსები სხვაა და ფეხბურთი სხვა. 


- არის აზრი, რომ თქვენი თაობის ნაკრები უფრო შეკრული და მეგობრული გუნდი იყავით, ვიდრე დღევანდელი...


- როცა ნაკრები ჩამოყალიბდა, მე უკვე ასაკში ვიყავი და 2-3 თამაშის მერე ეროვნულ გუნდში თამაშს თავი დავანებე, თანაც ისეთი თაობა მოდიოდა, გლიჯავდნენ ყველაფერს. არველაძეები, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, ნემსაძე, კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი... დიდი ვარსკვლავები გვყავდა და გული მწყდება, რომ ამ ბიჭებმა სანაკრებო დონეზე ვერაფერს მიაღწიეს.

 




- რა დააკლდა ამ გუნდს დიდ ფორუმზე გასასვლელად?



- აბა რა გითხრათ, შეიძლება ვიცი და შეიძლება არ ვიცი. მოლდოვასთან თამაში ავიღოთ, ამ გუნდს სადაც შევხვდებოდით იქ მოვუგებდით, ანტაქტიდაზე რომ გვეთამაშა იქაც დავამარცხებდით, თუმცა ჩამოვიდნენ თბილისში და 1:0 მოგვიგეს. 


- რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად?


- პირველ რიგში დიდი შრომაა საჭირო. მე და ის ბიჭები, რომლებიც წეღან ჩამოვთვალე, ვარჯიშის შემდეგ 45 წუთი ან 1 საათი ვრჩებოდით და დამატებით ვვარჯიშობდით. ვაუმჯობესებდით იმას, რაც არ გამოგვდიოდა ან ვვარჯიშობდი იმის განვითარებაზე, რაც კარგი გვქონდა. მე ფორვარდი ვიყავი და ფორვარდებზე ვიტყვი, უნდა ივარჯიშონ ყველა იმ თვისების განვითარებაზე, რაც თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. თანაც სიმართლე რომ ვთქვათ, ფორვარდებში დღეს არ გვილხინს. 


- წლებია საფრანგეთში ცხოვრობთ და ფრანგული ფეხბურთი კარგად იცით. თქვენი აზრით რითი მიაღწიეს იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს და გუნდი ჰყავდათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?


- პირველ რიგში გუნდური თამაშით. არ მითხრათ, რომ საფრანგეთის ნაკრები ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ბრძოლა, ერთმანეთის გვერდში დგომა და ასე შემდეგ. ბევრს აკრიტიკებენ ჟირუს, რახან გოლი ვერ გააქვს, მაგრამ ჟირუ დიდ შავ სამუშაოს ასრულებს. პირველ ბურთს იგებს და შემტევებზე კარგად ანაწილებს. ბენზემა რომ ყოფილიყო საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებდა, რადგან გუნდი ბენზემაზე ითამაშებდა, ჟირუ კი გუნდზე თამაშობს. რა თქმა უნდა ინდივიდუალური თამაში კარგია, მაგრამ უნდა იცოდე სად და როდის. მაგალითად მესი, მან კარგად იცის როდის ითამაშოს გუნდზე და როდის აიღოს თამაში საკუთარ თავზე. 


- ვის მიიჩნევთ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად?


- ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა 1 შემთხვევას გავიხსენებ. 2012 წელს 1/8 ფინალების წინ მკითხეს თუ ვინ მოიგებდა ლიგას და ჩელსი ვუპასუხე, ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ეს ისეთი დონეა ძალიან ბევრი რამ მოქმედებს. წელს კი რთული სათქმელია, პსჟ-ს ვიტყოდი, თუმცა ეს უფრო ჩემი სურვილია. მთავარი ფავორიტი მაინც ბაიერნი მგონია.

- მბაპეს უფრო წინ დააყენებთ თუ ნეიმარს?


- მე ნეიმარს ძირითადში არ დავაყენებდი. ხშირად უნეიმარო პსჟ უკეთ თამაშობს, ვიდრე ბრაზილიელთან ერთად. იგი არასტაბილურია, ხშირად თავის თავზე თამაშობს და გუნდზე აღარ ფიქრობს, თუმცა 2 აზრი არ არის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. უფრო გუნდური რომ იყოს, ბევრად კარგი იქნებოდა. 


- ბოლო 15 წელია მესი და რონალდუს შორის დიდი კონკურენციაა საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?


- ეგენი აქაურები არ არიან, სხვა პლანეტიდან არიან. მესი უდიდესი ტალანტია, კრიშტიანუმ კი შრომით მიაღწია ამ დონეს. როცა ამდენი გოლი გააქვთ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მესი და რონალდუ სხვა და სხვა პოზიციის ფეხბურთელები არიან, თავიანთ ადგილებზე კი მათ ვერავინ შეედრება. ორივე უდიდესია და რთულია არჩევანის გაკეთება.