დინამო ბათუმმა თელავში 3 ქულა აიღო

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბოლო მატჩი გაიმართა. დინამო ბათუმი თელავს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 

 

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, თუმცა საყურებლად ნამდვილად ღირდა. ბათუმელები აქტიურად უტევდნენ და ჩოჩიშვილს საქმე არ ელეოდა. გიორგი ზოგადად დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, მან არაერთი რთული ბურთი მოიგერია და სტუმრებს საქმეს ურთულებდა. კახელები მეტწილად სტანდარტულებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. ამ მხრივ ლაშა შერგელაშვილი აქტიურობდა, რომელმაც რამდენიმე სახიფათო ჯარიმა დაარტყა. 

 

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 58-ე წუთზე მამუჩაშვილის დარტყმული ჯარიმა ჩოჩიშვილმა მოიგერია და დამატებაზე ჯიღაურმა გაიტანა. 3 წუთში მამუჩაშვილის კიდევ ერთ სტანდარტულს მოჰყვა გოლი. მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც სანდრო ალთუნაშვილმა ისარგებლა და გაიტანა. 

 

66-ე წუთზე რევაზ გოცირიძის გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა. მარჯვენა ფლანგიდან ლაშა კოხრეიძემ რატი არდაზიშვილს კარგი პასი გაუკეთა და მანაც 1 შეხებით შეაგდო. ამის შემდეგ თელავი ბევრს ეცადა, თუმცა ანგარიში ვერ გაათანაბრა და საბოლოოდ 1:2. 

 

დინამო ბათუმმა 15 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზეა, ლიდერ დინამო თბილისს კი 1 ქულით ჩამორჩება. აჭარლები შემდეგ შეხვედრას სამგურალთან გამართავენ. თელავი 6 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში დილას დაუხვდება.