ანატოლი ბოისა იყო ჯოკერი

რუსთავი რეგულარულის საუკეთესო, ყველაზე სტაბილური, ფიზიკური გუნდია.

ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ბერძენი კეცელიდისის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, რუსთავს რუსთაველმა მიხედა.

ანატოლი ბოისამ.

მე არ ვყოფილვარ ბოისა-კალათბურთელის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ მე დიდ პატივს ვცემ ბოისა-მწვრთნელს, რომელიც იგებს და არ კმაყოფილდება მიღწეულით.

ეს მწვრთნელი არ ჩერდება და მოთამაშეებისგან მაქსიმუმს ითხოვს. პარალელურად, ის ამ მოთამაშეებს ასვენებს, რომ შემდეგ, დასვენებულისგან უფრო მარტივად მიიღოს ეს მაქსიმუმი.

თითქოს, მარტივი, მაგრამ ამავე დროს, რთული სქემა.

რუსთავში იდეალურად არის დალაგებული როტაცია. თამაშობს ის, ვინც ამ კონკრეტული მატჩისთვის სხვაზე უკეთ არის მზად. მარტივია. და, არ თამაშობს ის, ვინც ამას გამოცდილებით და კარგი სახელით, პოპულარობით იმსახურებს.

სწორედ ეს არის ბოისას მთავარი პლიუსი. ის ენდობა მოთამაშეებს და მოთამაშეები ენდობიან მას.

ანატოლი ბოისა სუპერლიგის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ახალგაზრდა მწვრთნელია. და, ეს ფაქტია.  

რომელმაც ისწავლა კრიტიკის მიღება. რომელმაც ისწავლა წაგების დავიწყება და მხოლოდ პოზიტივით ფიქრი. და, ეს გადამდებია. გუნდზე, გულშემატკივარზე, ბევრზე.

 

                                                                                                                                         ******

 

რუსთავი არ იყო ყველაზე შედეგიანი. მხოლოდ - მესამე.

რუსთავზე მეტს ხსნიდა ცხუმ-აფხაზეთი.

რუსთავზე მეტ შედეგიან გადაცემას (ისევ და ისევ მეტი ქულის გამო) აკეთებდა ქუთაისი.

რუსთავი მხოლოდ მეექვსეა ზუსტი საშუალო სროლებით.

რუსთავი კარგად ჩამორჩება სამიანების პროცენტით ქუთაისს.

რუსთავზე არ ჯარიმდებოდნენ ყველაზე ხშირად.

რუსთავი არ ლიდერობს პასი/დაკარგვაში.

უბრალოდ, რუსთავს ჰყავს ანატოლი ბოისა, რომელიც მაქსიმუმით მაქსიმუმს ითხოვს.

ფლეი ოფში ახალი ჩემპიონატი იწყება. წელს იმდენად თანაბარი ჩემპიონატია, რომ ყველამ ყველას შეიძლება მოუგოს. მართლა შეიძლება.

მაგრამ რეგულარული ეკუთვნოდა რუსთავს.

გუნდს, რომელსაც ამ სეზონში საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდა.

ბრავო, ბოისა!

 

ფოტო: www.gbf.ge