რეალმა ელ კლასიკო მოიგო და ლა ლიგაში გალიდერდა

ლა ლიგის 30-ე ტურში, მორიგი ელ კლასიკო გაიმართა. მადრიდის რეალმა ბარსელონას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველ წრის კლასიკოც სწორედ რეალმა მოიგო და ამ სეზონში ბლაუგრანამ სამეფო გუნდთან ქულა ვერ აიღო. 

 

მატჩი მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო ზიდანის შეგირდებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-13 წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა კარიმ ბენზემას ბრწყინვალე გოლით დასრულდა. 15 წუთში ტონი კროოსმა ჯარიმა შეასრულა, ბურთი ჯერ დესტს მოხვდა, შემდეგ ხორდი ალბას და ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა. რეალს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ტაიმი 2:0 მორჩა. 

 

მეორე ნახევარი ბარსამ უკეთ დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო. 60-ე წუთზე ოსკარ მინგესამ ელ კლასიკოში დებიუტი გოლით აღნიშნა. ამის შემდეგ მომენტები ორივე მხარეს იყო, თუმცა გოლი აღარ გასულა. 

 

მატჩის ბოლო გამოსარჩევი ეპიზოდის მთავარი მოქმედი პირი კაზემირო იყო, რომელმაც 2 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო. 

 

ამრიგად რეალმა 66 ქულა მოაგროვა და ლა ლიგაში გალიდერდა, მეორე ადგილზე ასევე 66 ქულით ატლეტიკოა, მესამე პოზიციას კი 65 ქულით ბარსელონა იკავებს.