იტალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

იტალიის რაგბის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა მარციო ინოჩეტიმ განაცხადა, რომ ნაკრების სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანა სურს და მისი ფავორიტი ფრანგი გი ნოვესია( 22 წელი იყო „ტულუზას“ მწვრთნელი, 2015-17 წლებში წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს), რომელმაც 2019 წელს დაასრულა სამწვრთნელო კარიერა, თუმცა ახლა მზად არის ისევ დაბრუნდეს „დიდ რაგბიში“.

იტალიის ნაკრების ამჟამინდელ  მწვრთნელ ფრანკო სმიტს „აძური“  2020 წლიდან ჩააბარეს  და „კოშმარიც“ აქედან დაიწყო - უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იტალიელებმა 6 ერზე კინკილა სანუგეშო ქულის აღებაც ვერ შეძლეს და უქულოდ დაასრულეს ჩემპიონატი,ასევე  წააგეს ყველა მატჩი შემოდგომის ერთა თასზე (ტექნიკური მოგება ჩაეთვალათ ფიჯისთან).

 

 

 

სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტის თავკაცობით იტალიამ ჯამში 13 შეხვედრა გამართა და ყველაში დამარცხდა, "აძური" მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციამდეა დაქვეითებული და მას უსწრებენ ტონგა, სამოა, საქართველო და ფიჯი.( სხვა ელიტარულ სარაგბო ქვეყნებზე ლაპარაკიც არ ღირს - ჩამორჩენა კოლოსალურია) . ამას ემატება ნაკრებში არსებული შიდა კონფლიქტი, რომლის გამო რიგი მორაგბეები უბრალოდ თავს არიდებენ ეროვნულ გუნდში თამაშს - მატეო მინოცი, მიჩელე კამპანიარო.

 

 

ფრანკ სმიტი არ ენდობა კონორ ოშის(იტალიის ნაკრების მწვრთნელი 2016-19 წლებში) ფორმაციის ნაკრების ყოფილ ლიდერებს - სერჯო პარიზემ არაერთხელ გამოთქვა ნაკრებში დაბრუნების სურვილი, თუმცა სმიტმა მისი შემოთავაზება არაერთხელ უარყო, ასევე ფაქტობრივად არ აძლევს სათამაშო დროს - ტომაზო ალანს.

თუ მარციო ინოჩეტი გაუშვებს დაკავებული თანამდებობიდან ფრანკო სმიტს, ეს იტალიის რაგბის ფედერაციას სოლიდურ თანხად დაუჯდება, რადგან სამხრეთ აფრიკელ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი გააჩნია.

ფრანკოს უკვე აქვს პარალელურად შემოთავაზება - მისი სამსახურით დაინტერესდა ინგლისური რაგბის  ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - „ლესტერ თაიგერზი“.