Tuttosport კვარაცხელიაზე: ის კარგი იქნებოდა იუვენტუსის ახალგაზრდული პროექტისთვის

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport.com-მა იუვენტუსის სავარაუდო სატრანსფერო ობიექტებს სტატია მიუძღვნა და 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი ახსენა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სტატიის ავტორმა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. აი რას წერს Tuttosport-ი ხვიჩაზე. 

 

"კვარაცხელია ძალიან კარგი გარემარბია. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს. იგი იუვენტუსის წამოწყებულ ახალგაზრდულ პროექტს მშვენივრად შეესაბამება და გუნდისთვის კარგი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიანკონერი ერთადერთი გუნდი არაა, რომელიც ხვიჩათი ინტერესდება. მასთან მოლაპარაკებებს მილანი და ბაიერნიც აწარმოებენ"-წერია იტალიურ საიტზე. 

 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შესანიშნავი პერიოდი უდგას. მისი სახელი ბოლო დროს აღნიშნული გუნდების გარდა, დორტმუნდს და სევილიასაც დაუკავშირეს. 

 

კვარაცხელიამ რუბინის მაისურით ამ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა არაჩვეულებრივი იყო ბოლო 3 სანაკრებო შეხვედრაში. მან ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებებს გაუტანა და ზოგადადაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.