დინამო ბათუმმა სამგურალთან დაგეგმილი 3 ქულა აიღო

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, ბოლოსწინა მატჩი გაიმართა. დინამო ბათუმმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სამგურალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

 

მთელი თამაში ნომიმანალური მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვება სავსებით ლოგიკური იყო. ორივე გოლი ტაიმების დასაწყისში გავიდა. მე-5 წუთზე ჯიღაურის ჩაწოდების შემდეგ, ფანცულაიამ შეაგდო, 53-ე კი თავად ფანცულაიამ გააკეთა საგოლე გადაცემა და მაქსიმე ქვილითაიას კარი ნიქაბაძემ აიღო. 

 

წყალტუბოელებიც მიდიოდნენ წინ და შეტევას ცდილობდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ერთ მომენტში სტუმრებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა. 

 

მატჩის ბოლო საინტერესო ეპიზოდი ბენჟამინ ტეიდის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად გაძევება გახლდათ. 

 

დინამო ბათუმი 18 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას გორის დილასთან გამართავს. სამგურალი 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში ტორპედოს მიიღებს.

 

დინამო ბათუმი 2:0 სამგურალი 

 

გოლები: ფანცულაია (5), ნიქაბაძე (53).

 

გაძევება: ტეიდი 88