ფინიქსი ანათებს და კლავს

კრის პოლმა შეცვალა, გაანათა ფინიქსი. როგორც ადრე - ჩარლზ ბარკლიმ. იმ ფინიქსმა ითამაშა დიდი ფინალი და დიდ გუნდთან წააგო. ის ფინიქსი მაიკლ ჯორდანის ბულზთან დადგა. იმ ბულზს მთელი ლიგა, კალათბურთი თავს უხრიდა.

დღეს, ფინიქსი ლამაზი, თავისუფალი, საინტერესოა.

კარგი, დაბალანსებული შემადგენლობა. პოტენციური ფლეი ოფი თემა იყო. და, ფინიქსმა გადაჯოკრა - ეს გუნდი დღეს შედის Top 10-ში დაცვით, შეტევით და ფინიქსი დაუნდობელია ბოლო ფაზაში.

ფრაზა „იხმაურებენ პირველ წრეში“ იცვლება ფრაზაზე „რამდენად შორს გაქაჩავს ეს გუნდი?“. და, ფინიქსმა ეს დაიმსახურა. ფინიქსი არ აპირებს ფლეი ოფის პირველ წრეში წაგებას. შანსი არ არის.

საკმარისი სიღრმე და უნივერსალიზმი დაცვაში ბევრს ნიშნავს. გუნდს ტორი კრეიგიც მაგრად დაეხმარება.

ფინიქსი მშვიდად ყომარობს. გუნდს არსად არ ეჩქარება. ეს გუნდი ამ კალათბურთით იგებს.

 

******

 

მოუმატა დეანდრე ეიტონმა. ოდნავ ზარმაცი დამცველი გახდა მონდომებული დამცველი, რომელსაც შეუძლია პერსონალურად ნებისმიერის გაჩერება. ბიჭს ჯერ აქვს ჩავარდნები, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს. და, ეიტონს მაგრად ეხმარება ბასრი დაცვა პერიმეტრზე.

ფინიქს აქვს მზად დარტყმა შეტევაში პიკ ენ როლის თამაშის დროს. და, ფინიქსი მეთოდურად გკლავს გაცვლებზე, როდესაც პოლიც და დევინ ბუკერიც ბევრ ჭრილობას ტოვებენ. და, ეიტონი დაბალი, ოდნავ სწრაფი დაცვის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

ფლეი ოფში ფინიქსი შეიცვლება.

ფინიქსის ერთადერთი, რეალური პრობლემა გამოუცდელობაა. ბუკერს, ეიტონს, მიკალ ბრიჯესს აკლიათ ეს გამოცდილება.

ბუკერი ჭკვიანი შემტევია და დაცვაში მას პოლი დააზღვევს. ეს მოგვარდება. შეტევაში ბუკერი ტერორია.

ბრიჯესი რეგულარულში ბევრ ცუდ ფოლს იღებს, მაგრამ ფლეი ოფში მას მეტ თავისუფლებას და უფლებას მისცემენ. აგრესიული დამცველი ნაკლებად დაისჯება და ეს მშვენიერია.

ფინიქსი რჩება კრის პოლის პროექტად. პროფესორი არ ჩქარობს. პროფესორმა საკმარისად ბევრი წააგო და არ რისკავს. რისკით ვერ დააგდებ ბეჰემოტებს
(ლეიკერსი, კლიპერსი) და ვერც ახალ ჩელენჯერს (იუტა).

კრის პოლი დაელოდება ხელსაყრელ მომენტს და როდესაც ყველა მოეშვება, ალესილი პასებით აიღებს ასაღებს.

ფინიქსის უნდა გეშინოდეთ.