სტეფი უკვდავია

გოლდენ სტეიტი სტეფ კარის გუნდია.

და, სტეფი გოლდენ სტეიტის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. სტეფმა უილტ ჩემბერლენს გადაუჯოკრა.

და, კარი ელიტაში შევიდა. იდეაში, სტეფი ყოველთვის ელიტა იყო. აღიარებული, პოპულარული, ოქროს ელიტა საუკეთესო სროლით.

8 მოქმედ მოთამაშეს აქვს აკრეფილი ყველაზე მეტი ქულა ერთი კონკრეტული გუნდის ისტორიაში. და, არცერთი აღარ თამაშობს იქ, იმ გუნდში.

 

ლებრონ ჯეიმსი და კლივლენდი - 23 119 ქულა.

რასელ უესთბრუქი და ოკლაჰომა - 18 859.

დემარ დეროუზენი და ტორონტო - 12 296.

კემბა უოკერი და შარლოტი - 12 009.

მაიკ კონლი და მემფისი - 11 733.

დუაიტ ჰოვარდი და ორლანდო - 11 435.

ენტონი დევისი და ნიუ ორლეანზი - 11 059.

ბრუქ ლოპესი და ბრუკლინი - 10 444.

 

სოლიდური სია.

და, არის სტეფი ყველა დროის საუკეთესო მსროლელი?

პასუხი ლეგენდებისგან მოდის.

 

რეჯი მილერი: არის. ნამდვილად არის. ყოველთვის მეგონა, რომ საუკეთესო დრაჟენ პეტროვიჩი არის, მაგრამ სტეფი... მან სროლა სხვა დონეზე გადაიტანა. ალბათ, ის უკეთესია, ვიდრე ლარი ბერდი, დირკ ნოვიცკი, ჯერი უესტი, პეჟა სტოიაკოვიჩი, სტივ კერი.  ის პირველია.

დირკ ნოვიცკი: ლიგის ისტორიაში ბევრი ძლიერი, შეუცვლელი მსროლელი იყო. მაგრამ სტეფი ყველაზე სწრაფი, ყველაზე შეუჩერებელია. სტეფი ყველაზე დიდი მანძილიდან გკლავს. სტეფი საუკეთესოა.

ჯერი უესტი: დღეს სტეფი პირველია, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე შემდეგი ჯგუფიდან, ვინც სტეფზე კარგი გახდება. და, სანამ არ გამოჩენილა - სტეფი პირველია.