ნიკა ჭანტურია: დანარჩენს დრო გვიჩვენებს ...

ორი აზრი არაა, რომ ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა. ეს ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის და ყველას ერთად დამსახურებაა. ახალ ჯგუფს რაც შეეხება, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა ჩვენთან იოლ გასეირნებას ვერავინ დაგეგმავს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ამ ჯგუფიდანაც შეგვიძლია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლოკომოტივმა სერიოზული პროგრესი განიცადა. ჯერ იყო და გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, შემდეგ დროთა განმავლობაში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და დღეს რკინიგზელები ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა.

 

ამ და კიდევ რამდენიმე საინტერესო თმაზე გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა ჭანტურიას ვესაუბრეთ. რკინიგელთა მეოთხე ნომერს ამჟამად ტრავმა აქვს, თუმცა როგორც განაცხადა მალე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშ დაიწყებს.

 

პირველ რიგში ტრავმაზე მინდა გკითხო. კონკრეტუად რა სახის დაზიანება გაქვს და როდის შეძლებ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს?

 

- საზარდულის არეში მყესი მაქვს დაზიანებული. თვის ბოლოს გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის დავიწყებ მზადებას.

 

 

როგორც ვიცი კლუბი სეზონისწინა შეკრებას აპირებს.

 

- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ შეკრება იქნება. ჯერ-ჯერობით რაღაც დეტალებია დასაზუსტებელი და ამის შემდეგ ყელაფერი საბოლოოდ გაირკვევა.

 

 

-  რა იქნება თქვენი გუნდის მიზანი ახალ სეზონში?

 

- ლოკომოტივი რა თქმა უნდა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს, მაგრამ კონკრეტულად მიზნებზე საუბარი ჯერ რთულია.

 

რა სატრანსფერო სიახლეებია კლუბში?

 

- ლოკომოტივს თორნიკე კირკიტაძე, სანდრო გურეშიძე და დემეტრე ბულისკირია შეუერთდნენ. სამივე საკმაოდ ძლიერი და ასაკთან შედარებით გამოცდილი ფეხბურთელია. ვთვლი, რომ ახალწვეულები გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან.

 

 

თქვენ თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზებები?

 

- კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და მინიმუმ ეს დრო სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელი ვიქნები. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლოკოს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

 

 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთი შემთხვევა იყო, როცა საქართელოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელები შედარებით უკეთეს ქვეყნებში მიდიოდნენ სათამაშოდ. დანია, ავსტრია, შვედეთი. რამდენად არის ეს შენთვის სტიმული?

 

- ყველა ფეხბურთელის მიზანი ის უნდა იყოს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა ამ ეტაპზე ლოკომოტივის ფეხბურთელი ვარ მიზანი ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაა. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

 

 

უკვე 2 წელი გავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. ელიგის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას გვეტყოდი?

 

- ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი დადებითი მომენტია და დონემ შედარებით მოიმატა. თუნდაც გაშუქების კუთხით დიდი წინსვლაა. სასიხარულოა, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება შეუძლია. თუნდაც ის, რომ ჩემპიონატში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, ცალსახად დადებითია და ამან ასე თუ ისე დონე აწია. ამასთანავე სტადიონები კეთდება, ასევე სასიხარულოა, რომ ბუნებრივსაფარიან მოედანზე გვიწევს თამაში. ეს ყველაფერი გაგრძელებადი პროცესია.

 

 

საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. გასული წელი ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებული იყო, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფი მოვიგეთ, გარდა ამისა თამაშის ხარისხმაც მოიმატა. შენი აზრით რა შანსები გვექნება, რომ შემდეგ შესარჩევზეც წარმატებას მივაღწიოთ?

 

- ორი აზრი არაა, რომ ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა. ეს ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის და ყველას ერთად დამსახურებაა. ახალ ჯგუფს რაც შეეხება, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა ჩვენთან იოლ გასეირნებას ვერავინ დაგეგმავს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ამ ჯგუფიდანაც შეგვიძლია.

 

 

დიდი ხნის მერე გუნდს კვლავ უცხოელი მწვრთნელი ჰყავს. შენი აზრით რამდენად გამოადგა ვაისი ჩვენს ნაკრებს?

 

- ვაისის მუშაობა აშკარად წარმატებულია. ამაზე მე რომ არ ვისაუბრო შედეგიც სახეზეა. გუნდმა მის ხელში აშკარად მოუმატა, რაც ტაბლოზეც აისახა.

 

უცხოურ ფეხბურთსაც შევეხოთ. წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს. პირადად შენთვის ვინ იყო ყველასგან გამორჩეული?

 

- ამ თემაზე კამათი შეიძლება, ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს. ვთვლი, რომ მოდრიჩზე მეტად გრიზმანი იმსახურებს. ატლეტიკოსთან ერთად ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, რაც ყველაზე მთავარია მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წინა წელი მოდრიჩმაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და ვთვლი, რომ ოქროს ბურთს გრიზმანი იმსახურებდა.

 

 

როგორც ვიცი მილანის გულშემატკივარი ხარ. შენი აზრით გუნდი გატუზოს ხელში პროგრესირებს თუ სხვა რომელიმე მწვრთნელს ისურვებდი როსონერის თავკაცის ადგილას?

 

- პროგრესი არის, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ მილანს უფრო გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება. გუნდში ისეთი მწვრთნელია საჭირო, რომელსაც ევროასპარეზზე გამოცდილება აქვს. კარგი იქნებოდა ანჩელოტი ნაპოლიში მისვლის მაგივრად მილანში დაბრუნებულიყო. აქვე დავამატებდი, რომ წარმატების მისაღწევად მწვრთნელსაც გარკვეული რესურსი სჭირდება. ვთვლი, რომ მილანის დონის ფეხბურთელი გუნდში ძალიან ცოტაა თუ საერთოდ არის.

 

 

დღევანდელი მცველებიდან რომელთან ერთად ითამაშებდი ცენტრალური დაცვის წყვილში?

 

- ვირჯილ ვან დეიკი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა, თუმცა ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე საუკეთესოდ მაინც რამოსი მიმაჩნია. მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

 

 

და ბოლოს, მესი თუ რონალდუ?

- უდაოდ მესი.