ერთი წელი ტრიუმფიდან

მესამე ევროპელი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო

2018 წლის 27 იანვარს, ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ სუმო ჩვენში იმდენად პოპულარული არ იყო, ვიდრე ზუსტად ერთი წლის წინ, შორეულ იაპონიაში ქართველი გოლიათი იმპერატორის თასს არ ჩაიბარებდა.

 

დიახ, ტოკიოს იანვრის ბაშოდან, რომელიც ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის ტრიუმფით დასრულდა 12 თვე გავიდა. მან იმპერატორის თასი, ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა და გახდა მესამე ევროპელი, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიგო. კონკურენტებისგან მიუწვდომელი კი ტოჩინოშინი შოჰოზანთან გამარჯვების შემდეგ შეიქნა.

 

შარშანდელი ტოკიოს ბაშო ქართველმა სუმოისტმა 14:1 ბალანსით დაასრულა, თუმცა პროგრესი არ შეუწყვეტია. იმპერატორის თასის მოგების შემდეგ, ტოჩინოშინმა მომდევნო ორ ბაშოზეც ღირსეულად იასპარეზა და სრულიად დამსახურებულად ოძეკის წოდებაც მიენიჭა.

 

როგორც ვთქვით, მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა და იაპონიის დედაქალაქში იანვრის ბაშო დაიწყო. უფრო სწორად, უკვე დასრულდა, ხოლო ტოჩინოშინისთვის ის სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. ლევან გორგაძემ ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო და დოჰიოზეც შესაძლებლობები ბოლომდე, ისე როგორც მან იცის და ჩვევია ვერ გამოავლინა. ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, ტოჩი იძულებული გახდა ჰაცუ ბაშოზე მონაწილეობა შეეწყვიტა.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ბაშობდე ქართველი სუმოისტი ტრავმას მოიშუშებს და ქომაგებს კვლავ გაახარებს. მითუფრო, რომ ის უკვე კადობანში იმყოფება და ოძეკობის შენარჩუნებისთვისაც მოუწევს ბრძოლა.