ევროპის ლიგა და ჯიმი ჰილი

 

 

 

 

 

 

 

აჰა, გამოცხადდა ევროპის სუპერ ლიგაც. მგონი, ოც წელიწადს გრძელდებოდა ლაპარაკი ამ ამერიკულ რამეზე, რომელიც ევროპის ფეხბურთში უნდა დანერგილიყო და საბოლოოდ პანდემიურ დროებაში გამოათამაშეს. სუპერლიგა სხვა არაფერია, თუ არა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგები: განსაკუთრებით კალათბურთისა და ჰოკეისა. თუმცა, ბეისბოლიცა და ამერიკული ბურთაობაც, იგივე ლიგობაა. ჰოდა, ამას აკეთებენ. ველოსიპედი არ გამოუგონიათ, გამოგონილი იყო.

ამ ლიგის და იდეის სულისჩამდგმელმა ფლორენტინო პერესმა კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ახალგაზრდობას ფეხბურთი აღარ აინტერესებს და რომ ფეხბურთში ბევრი დაბალი ხარისხის თამაშია, ხოლო ყოველ ახალ რამეს მოწინააღმდეგეები ჰყავს. მან ასევე თქვა, რომ, თუ ჩემპიონთა ლიგას მივყვებით, დავინახავთ, რომ ის მალე აღარავის დააინტერესებს და ახალი ლიგა იმიტომ იქმნება, რომ ფეხბურთი გადაარჩინოს. მან გაიხსენა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში ფიფა და უეფა სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული თასების შემოღებას, თუმცა, ამ თასებისთვის ბრძოლამ, შეცვალა ფეხბურთი. ასევე, პერესმა შეგვახსენა, რომ მოწინავე გუნდები დიდ ფულს კარგავენ დღევანდელი თამაშების გამო და ამის გაგრძელება უაზრობაა.

 

Florentino Perez running late for interview with Spanish radio as he's  locked in discussions with remaining Super League clubs - Football Espana

 

პერესისავე აზრით, გათამაშება ახლავე უნდა დაიწყოს და არა, სამი წლის შემდეგ. „2024 წელს ჩვენ ყველანი, მკვდრები ვიქნებით,“- თქვა რეალის პრეზიდენტმა.

ფეხბურთის ხალხს შორის ახლა ძნელი საპოვნელია ადამიანი, რომელიც ახალი ლიგის მომხრეა. ცხადია, ლიგაში შემსვლელი კლუბების უფროსებისა და პატრონების გარდა. გლეიზერებს, მანსურ ბინ ზაიედს და ჯონ ჰენრის ჯერ ფეხბურთზე ელაპარაკები, თუ ჯერ ფულზე? ბიზნესია. ლიგას უკვე ყავს მორგანის ბანკი და სხვა უმდიდრესი ინვესტორები. მრავალ მილიარდზეა ლაპარაკი. თორმეტი დამფუძნებელი კლუბიდან, ექვსი ინგლისიდანაა, სამი ესპანეთიდან. იქაც, იტალიური დიადები და ჯამში კი უნდათ, ოცნი იყვნენ, სადაც ხუთი შეიცვლება ხოლმე, თუმცა, რა წესით, მალე გამოკვეთენ. ათ-ათად გაიყოფიან,ორ წრედ ითამაშებენ და მერე კი პლეი ოფი იქნება, თავისი ფინალით, სუპერბოული რომ წარმოვიდგინოთ, ისე.

თამაშები ახლანდელი ევროთასების დღეებში იქნება, რათა უქმეებზე ეროვნულ ლიგებშიც გააგორონ ბურთი. თუმცა, იქაური შედეგი, სუპერლიგაში თამაშისთვის საჭირო არ იქნება - ამ ლიგაში ასეც იქნებიან და ისეც. ანუ, ჩემპიონთა ლიგის ადგილისთვის ბრძოლა, კვდება, ხოლო ევროპის თასი, საერთოდაც ჟელეზნიჩარობა გამოვა. უკვე ამბობენ, რომ ეს მცირე თასი და ჩ-ლიგა უნდა შეჩერდეს, თუ არ შეჩერდება და დაბალხარისხოვან ტურნირად გადაიქცევა, რითაც, მაინც შეჩერდება.

ეს რასაც გამოიწვევს, სრულაიდ ცხადია. საქმე ფულშია და არა მთლად ფეხბურთის გადარჩენაში. დღევანდელი ფეხბურთი პრაქტიკულად აღარ არის არც სოციალური ფენომენი, არც დემოკრატიული თამაში და არც იმგვარად საინტერესო სანახაობა, რომ კაცმა ფრენა გადადოს საყვარელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის საყურებლად. ამის შესახებ ასობით დიდებული ვეტერანი ფეხბურთელი და ვარსკვლავი ლაპარაკობს და ეს ყველამ იცის.

ფანური თვალსაზრისით, თამაშის სიყვარულის თვალსაზრისით, დღევანდელი ფეხბურთი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ის უბრალოდ პროდუქტია და მომხმარებელი ყავს. რეალურად, ის ერთი და იგივე სიგარეტის ყიდვის ამბავი და მაკდონალდსია და ეს ყველაფერი თანდათან ფორმდება უკანასკნელ ათ წელიწადში, ხოლო ევროპის ლიგა ამის ჩვეულებრივი კენწეროა. როცა ჩელსი-არსენალის თამაშის ბოლო ათ წუთს ტრიბუნები იცლება, იმისთვის რომ მეტროს მეტად ხალვათ ვაგონში მოხვდე, ეს მომხმარებლობაა და არა ფანობა,თუნდაც ოთხი შარფი გეკეთოს. ეს ბოლო ათი წლის ამბავია.

 

Mourinho Is Rapidly Revealing What A Washout Pochettino Really Was - Harry  Hotspur

 

ახალაგაზრდობას რომ ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებს, სამსჯელო რამეა, თუმცა ისიც ცხადია, რომ ფეხბურთთან როგორც ერთსულოვნების, სოციალური, გეოგრაფიული ერთობის განსაკუთრებულ მოვლენასთან და კლუბის, როგორც გულშემატკივრის თვითგამოხატვის საშუალებასთან ბმა ყოველდღიურად მცირდება და სრულიად დაკნინებულია. იმ დღეს მაურინიუ რომ მოხსნეს, ასე გახმიანდა, ტოტენჰემის ფანებს პოჩეტინო უფრო უყვარდათ, მაგრამ მაუმ შეძლო და მათ ინსტაგრამის გმირი გახდაო.

მისი ტოტენჰემი არ ვარგოდა. როცა პირველზე იყო წლევანდელ სეზონში, თითქმის ოთხ დღეს, არც მაშინ ვარგოდა, უბრალოდ, ეს ინსტაგრამობა გვაჩვენებს, რომ ფანობის განწყობა ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა, სრულიად სიმბოლური გახლავს და სტადიონზე იწყება და მთავრდება, ფანების ინსტაგრამობა კი კლუბს სჭირდება სოციოლოგებზე ფულის დასაზოგად.

გაგრძელება იქნება...