ღრუტუნი საზღვრებს გარეშე

 

 

 

 

 

 

 

„ცოლიანები და უცოლოები“ გითამაშიათ? ახლა როგორ არის არ ვიცი და ჩემს ბავშვობაში საქართველოს სოფლებში ჯერ კიდევ იყო ასეთი დაყოფა: ცოლიანები უცოლოების წინააღმდეგ. მე სამეგრელოში მინახავს. მინახავს კი არა, მითამაშია. უცოლოების გუნდში ვიყავი. საოცარი მოგონებები მაქვს, ჯადოსნური.

მათთვის ვინც ასეთი რაღაც პირველად გაიგო, შევეცდები უფრო ნათლად მოვყვე: „ცოლიანები და უცოლოები“ რამე თამაში კი არ არის, გუნდებად დაყოფის წესია. ცოლიანების გუნდი უცოლოების გუნდს ფეხბურთს ეთამაშება… ეთამაშებოდა. და მიდიოდა დიდი წეწვა-გლეჯა. ჯიბრი იყო საოცარი. ერთ დღეს უცოლოები რომ მოიგებდნენ, შემდეგ თამაშს მეორე დღისთვის დათქვამდნენ. ცოლიანებს რევანში უნდოდათ. თავმოყვარეობა ელახებოდათ.

და მიუხედავად იმისა, კარგად გამოგვდიოდა თუ ცუდად, ეს იყო ნაღდი ფეხბურთი. რატომ? იმიტომ, რომ ფეხბურთი ხალხის თამაშია.

 

დღეს სენაკში 7×7 ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატ “მასტერ ლიგის” მატჩი  გაიმართა – IPRESS.GE

 

წლების მერე, იტალიაში ვიყავი და ღია კაფეში მიმტან ბიჭს რატომღაც იუვენტუსზე გამოველაპარაკე. არ მახსოვს, შეიძლება, რამე საკლუბო ატრიბუტი ეკეთა. სწორედ ის ზაფხული იყო, იუვეში ზიდანი რომ გადავიდა. ბიჭმა მითხრა, თავადაც ფეხბურთელი ვარო. სად თამაშობ, მეთქი. სადა და დილეტანტების ლიგაშიო (შეიძლება სამოყვარულო ლიგა იგულისხმა). დილეტანტებს რა შეჯიბრება გაქვთ, მეთქი. ჩვეულებრივი იტალიის ჩემპიონატიაო.  სხვების მსგავსად ვვარჯიშობთ, ფორმები გვაქვს, გასვლით თამაშებზე ავტობუსებით დავდივართო.

შინ რომ დავბრუნდი, გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ იტალიაში ექვსი(!) სამოყვარულო ლიგა აქვთ. გამოდის, რომ მთელი ერი ფეხბურთს თამაშობს.

აი, რა არის ნაღდი ფეხბურთი!

ნაღდი ფეხბურთი ის არის, როდესაც მინდა, რომ ჩემი უბნის გუნდმა შენი უბნისას მოუგოს. როდესაც ამაში მთელი გულით ვარ ჩართული. როდესაც, ხანდახან ვჭინჭყლობ კიდეც, რადგან ცოტა ჭინჭყლობა ფეხბურთს უხდება.

სხვათა შორის, იტალიელებზე უკეთ ეს ამბავი ინგლისელებმა იციან. იტალიაში როგორ არის, იცით? ერთმა პერუჯელმა მითხრა, ჩემი გუნდი რომააო. კი მაგრამ შენ რომ პერუჯაში ცხოვრობ, მეთქი? მერე რაო.

აი, ინგლისში კი ბირკენჰედელი მაინცდამაინც ბირკენჰედის გუნდს ქომაგობს და თუ თამაშები დაემთხვა, იმ შენს ჩემპიონთა ლიგას არც კი შეხედავს.

მისთვის თავისი გუნდი, ფანური სიმღერა და გახურებული გულის რამდენიმე პინტა ცივი ლუდით გაგრილებაა მთავარი.

ჰოდა, მე ეს მგონია ნაღდი ფეხბურთი.

რადგან ფეხბურთი ხალხისაა.

 

თბილისის მერიის თასი 2017

 

ნამდვილი ფეხბურთი ისაა, როდესაც თურქეთის საზღვართან მიჭყლეტილი და მთელი მსოფლიოსგან მივიწყებული საბჭოთა რესპუბლიკის გუნდი, თბილისის დინამო დაბალი გაზით იწყებს და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სტატუსით თასების თასს იგებს.

ვიცი, ახლა, სხვა დროა. ახლა მოგება ფულზეა დამიკიდებული. ნიჭი? ნიჭი იყიდება. თუ მდიდარი ხარ, კარგ ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოდან მოხვეტ და სხვას არ გაახარებ.  მაგრამ ეს კიდევ ჯანდაბას. თქვენ ის მითხარით, რა მახინჯი გონება უნდა გქონდეს, რომ სხვებს გაძლიერება ოფიციალურადაც აუკრძალო. გაბღენძილთა ლიგა გააკეთო, სხვა ყველა მატლად ჩათვალო და შენთან თამაში აუკრძალო.

სხვამ არასოდეს უნდა გაიხაროსო. ყველამ ჩემთვის უნდა იმუშაოსო. ნიჭიერი ფეხბურთელს თუ აღზრდის მე უნდა მომყიდოსო.

ვიმეორებ, ვიცი, ფაქტობრივად ახლაც ასეა, მაგრამ იმის თეორიული შანსი, რომ შენი ქალაქის გუნდი ოდესმე გაძლიერდება, მაინც არსებობს...

ამათ კიდევ…

ბოლოს და ბოლოს სიხარბეს და ღრუტუნსაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი საზღვარი.