42 წლის თოდუა თამაშს აგრძელებს

42 წლის სევასტი თოდუა თამაშს აგრძელებს. აი, კიდევ ერთხელ შეიცვალა კლუბი.

ლიგა 2–ის თბილისის მერანიდან ლიგა3–ის ბორჯომში გადავიდა. მერანს, როგორც იცით, ნორჩი დინამო ერქვა და სახელის საპირისპიროდ, ყველაზე ასაკოვანი გუნდი იყო საქართველოში. სავარაუდოდ, ყველაზე ასაკოვანი იქნება წლეულსაც, თუმცა აი, თოდუა სხვაგან გადავიდა...

 

გასულ სეზონში თოდუამ 29 მატჩი ჩაატარა და 29–ვე სასტარტოში. სევასტი 1976 წლის 13 მაისს გახლავთ დაბადებული. საქართველოს ნაკრებშიც აქვს ჩატარებული 6 მატჩი, თუმცა ბოლოს ეს იყო 2001 წელს.

 

თოდუა ამპლუით მცველია, ორივე ფლანგზე თამაშობს და ცენტრშიც. ბევრი კლუბი გამოიცვალა, საუკეთესო სეზონები კი ზესტაფონსა და ქუთაისის ტორპედოში გაატარა.

 

ისე, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს რეგიონულ ლიგაში (რანგით მეოთხე), ხარაგაულის ჩხერიმელაში  65 წლის სოსო აბაშიძემ ითამაშა და გოლიც გაიტანა. ეს ოზურგეთის მერცხალთან. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ერთჯერადი იყო, აი, სევასტი თოდუა კი კარიერას აგრძელებს და ძალაც ერჩის. კოლორიტული ფიგურაა საქართველოს ჩემპიონატში და მხოლოდ უმაღლესი ლიგა რომ ავიღოთ, 400–ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.  

 

უყვარს კაცს თავისი საქმე და ვერ ელევა...

 

სევასტი თოდუა – ფოტოზე N 5