ლაშა დვალი: მჯერა დიდ ტურნირზე მალე გავალთ, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი ზედიზედ მესამედ გახდა ფერენცვაროშის რიგებში უნგრეთის ჩემპიონი. დვალმა და კამპანიამ მეორე ადგილოსანი პუშკაშ აკადემია 16 ქულით ჩამოიტოვეს და ვინ იცის სხვაობა კიდევ გაიზარდოს, რადგან წინ კიდევ რამდენიმე მატჩია დარჩენილი. 

25 წლის მცველს Leadersport.ge უნგრეთში დაუკავშირდა. ჩვენ ლაშას ზედიზედ 3 ჩემპიონობაზე, ვილი სანიოლზე, სანაკრებო მატჩებზე და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. 

- რამდენად რთული სეზონია თქვენთვის?

- ჩემპიონები გავხდით და ცხადია წარმატებული სეზონი გამოვიდა. ბევრი რთული თამაში გამოვიარეთ. მინდა ავღნიშნო, რომ უნგრეთში ჩემპიონატის დონე ყოველ სეზონში იმატებს. ზედიზედ მესამედ გავედით პირველ ადგილზე და ყველაზე რთული სწორედ წელს იყო. 

- კონტრაქტი 2.5+1 გქონდა და ეს 1 წელი ძალაში შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერენცვაროშში გენდობიან და ყველაფერი კარგად მიდის. 

 

- დიახ, ასეა. ამ გუნდში ყველაფერი კარგად მიდის და მეც კმაყოფილი ვარ. რამდენიმე გუნდი მიწვევდა, თუმცა მეც დარჩენა ვარჩიე. 


-ტრავმების გამო გარკვეული დრო გაგიცდა ამ სეზონში, ეხლა როგორ გრძნობ თავს?

- სიმართლე გითხრათ წინა სეზონში უფრო მეტი თამაში გამოვტოვე. ამ სეზონში რამდენიმე 2-3 კვირიანი ტრავმა მივიღე. ხდება, ფეხბურთია. ეხლა თავს კარგად ვგრძნობ და შემდეგი თამაშისთვის ვემზადები. გასაგებია, რომ ჩემპიონები ვართ, თუმცა ფეხბურთელმა ყველა თამაშისთვის მოსაგებად უნდა იბრძოლო და მეც ასე ვარ. 


- 2.5 წელია ფერენცვაროშში ხარ. როგორ შეაფასებ ამ პერიოდს?

- დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც იცით ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე, მანამდე ევროპა ლიგაზე. მიზანი იყო რომ როგორც ფეხბურთელი გავზრდილიყავი, სათამაშო დრო მქონოდა და მიზანს ვასრულებ. გული იმაზე მწყდება, რომ 2019-20 წლებში ტრავმის გამო ბევრი გამიცდა, თუმცა არაუშავს. ეხლა როგორც გითხარით თავს კარგად ვგრძნობ, ნაკრებშიც ბევრი მატჩი ვითამაშე და ფერენცვაროშშიც თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. 

- ბოლო თამაშებს თუ არ ჩავთვლით, ნაკრებში თითქმის სულ მარცხენა მცველად თამაშობ. ფერენცვაროშშიც მსგავსი სიტუაციაა, თუ ცენტრში გაყენებენ?

- აქ რამდენჯერმე 3-5-2 სისტემით ვითამაშეთ და მარცხენა ცენტრალური მცველი ვითამაშებ. რაც აქ ვარ, ფლანგზე მხოლოდ ერთხელ დამაყენეს, ისიც საკადრო პრობლემების გამო. წლების წინ იყო პერიოდი მარცხენა ფლანგზე ხშირად მაყენებდნენ და  ვიტყოდი, რომ ფლანგზე თამაში მერჩივნა, თუმცა ეხლა სხვა სიტუაციაა და თავს ცენტრალურ მცველად უფრო ვთვლი. კლუბში როგორც ცენტრალურ მცველს ისე მავარჯიშებენ და ამის შემდეგ ნაკრებში ჩამოსვლა და ფლანგზე გადაწევა რთულია. 

 



 - ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსს და ბარსელონას შეხვდი. მესისთან თამაში სამწუხაროდ არ მოგიწია, კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის გამოცდილება როგორია?

- 1 წამით არ უნდა მოადუნო ყურადღება, თორემ აუციცილებლად გაიტანს. ყველანაირად უნდა შეამცირო შანსი, რომ შეაგდოს. დიდი გამოცდილება მივიღე, უდიდესი ფეხბურთელია, მასზე ახალი რა უნდა ვთქვათ. 

- კიდე ვის გამოყოფდი იუვენტუსიდან?

- რაბიოს, მას ადრეც ვეთამაშე როცა გია ცეცაძის ფორმაციის 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთს შევხვდით. უდიდესი პროგრესი განიცადა. ფეხბურთი მხოლოდ ბურთით თამაში ხომ არაა, უბურთოდაც დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე ალვარო მორატას და მატიას დე ლიხტს გამოვარჩევდი. 

- ბარსელონადან ვინ დატოვა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება?

- კოუტინიოს თამაში ძალიან მომეწონა, ასევე დე იონგის. 

- გრიზმანმა რა შთაბეჭდილება დატოვა შენზე?

- გრიზმანი ის ტიპი არ არის ბურთი აიღოს და რამდენიმე მცველი მოატყუოს. ტიპური ცხრიანია, მომენტს ელოდება, შეცდომას ელის და აუცილებლად გამოიყენებს. შორიდან ძალიან კარგი დარტყმა აქვს და საკმაოდ სწრაფია. 

- ნაკრებზეც გადავიდეთ. წინა 3 თამაშზე ბევრი თვლის, რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე 1 ქულაზე მეტს ვიმსახურებდით.

- მეც მაგ აზრზე ვარ, მომენტებიც გვქონდა და კარგად ვითამაშეთ. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მეტ ქულას ვიმსახურებდით. როცა ესპანეთს ვეთამაშებით, ბევრ მომენტს გვიქმნის ხოლმე, ამჯერად ესე არ ყოფილა. 

- შვედეთთან თამაშამდე 1 კვირით ადრე გაირკვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში ბრუნდებოდა. როგორც მცველისთვის, იყო ეს შენთვის დამატებითი მოტივაცია?

- სიმართლე გითხრათ, როცა ნაკრებში თამაშობ დამატებით მოტივაციაზე არცაა საუბარი. ნაკრებში მოტივაციის ნაკლებობა არასდროს მაწუხებს მიუხედავად იმისა ვის ვეთამაშები. რაც შეეხება ზლატანს, ასეთი ფორვარდის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა, მეტ გამოცდილებას იძენ და საკუთარ თავსაც მეტს თხოვ. იბრაჰიმოვიჩი რომ ბრწყინვალე ფორვარდია ამაზე 2 აზრი არ არის.

 



- ესპანეთთან თამაშზე ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ...

- არც არავინ ელოდა, რომ ესპანეთთან ბურთს დავიჭერდით და პირველ ნომრად ვითამაშებდით. ფაქტია, რომ ეგრედ წოდებული "ავტობუსი" არ გვითამაშია და საკუთარ საჯარიმოში ჩამჯდრები არ ვყოფილვართ. მეტოქეს ჩვენი ნახევრის მეორე ნაწილში ვხვდებოდით. მწვრთნელის ეს თამამი გადაწყვეტილება მისაღებია. ბურთს უაზროდ არ ვიგერიებდით, ვცდილობდით მეტოქისთვის კონტრშეტევა შეგვეთავაზებინა. 1 ქულა ძალიან რეალური იყო. 

- ნაკრებს ახალი მწვთნელი ჰყავს ვილი სანიოლის სახით. რამდენად კომფორტულია მასთან მუშაობა?

- სანიოლთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, უშუალო ადამიანია და ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ადვილად შემოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკეთ გასაცნობად. სათამაშო სტილიდან გამომდინარეც დადებითად შევაფასებ და მასზე ცუდის თქმის საფუძველი არ მაქვს. თანაც ნაკრებში დიდ ხნიანი შესვენების შემდეგ ცენტრში ვითამაშე. 

- ვლადიმირ ვაისთან ერთად 5 წელი იმუშავე და საინტერესოა მასზე შენი აზრი...

- ვაისი ემოციური ადამიანია, საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული. სლოვაკეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და იტალია ჩატოვა ჯგუფში. თავისებური მწვრთნელია, მასთან ერთად რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ. სლოვაკი ჩემი აზრით უფრო ძველი ყაიდის მწვრთნელია. ვფიქრობ იგი სანიოლისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟია.

- პიროვნული თუ პროფეინალური კუთხით?

- ორივე. ვაისს თავისი მიდგომები აქვს, სანიოლს თავისი. ისიც უნდა ვთქვა, რომ ვაისთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ერთმანეთთან კარგი და პროფესიონალური დამოკიდებულება გვქონდა. 

- ბოლო 3 სანაკრებო შეხვედრაში რამდენიმე დებიუტანტმა ითამაშა. მათ გამოსვლაზე როგორია შენი აზრი?

- გიორბელიძემაც და ჩაბრაძემაც თავი კარგად წარმოაჩინეს. იმედია ესე გააგრძელებენ. სამწუხაროა, რომ მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო და ბოლო 2 შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. იმედია ყველანი ერთად პროგრესს გავაგრძელებთ და ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი ამას იმსახურებს და მჯერა მალე მოვა დრო როცა დიდ ფორუმზე გავალთ და ქართველ ხალხს გავახარებთ. 

- შენი თამაშით რამდენად ხარ კმაყოფილი? 

- სიმართლე გითხრათ საკუთარი თამაში ბოლომდე არასდროს მომწონს. საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ. მეტიც შემეძლო, თუმცა ცუდად ალბათ არ მითამაშია. მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მეტი მინდა. 

 



- ეროვნულ ლიგას თუ ადევნებ თვალს?

- ხშირად არა, მაგრამ ვუყურებ ხოლმე. წინსვლას მაშინ დავინახავ როცა ქართული გუნდი ევროპა ლიგას მიუახლოვდება თუ არ გავა. ბოლო პერიოდში რაც ხდება, ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ძალიან გულდასაწყვეტია. დონის ამაღლება პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან. გუნდში რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერია საჭირო. როცა ფეხბურთელი მაღალი დონის ლეგიონერთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს, ისიც პროგრესირებს. თუნდაც ჩისკო ავიღოთ, მის გვერდით ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი გაიზარდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი ფინანსებთან მიდის და ფულის გარეშე რთულია წარმატების მიღწევა.

- რამდენიმე თვის წინ ფერენცვაროშში გიორგი ხარაიშვილი გადმოვიდა. რამდენად კარგად შეეწყო გუნდს?

- გიორგიმ კარგად დაიწყო და გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ეს უშლის ხელს. დარწმუნებული ვარ გამოჯანმრთელების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება, მას ამის პოტენციალი აქვს. 

 

ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალისტია და უნდათ, რომ გიორგიმ მუდმივად ითამაშოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა კარგ გუნდში თითო პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელია, ასეა ფერენცვაროშშიც. მწვრთნელი ცდილობს როტაციას მიმართოს და ყველა ათამაშოს. მე საკმაოდ ბევრი თამაში გადაბმულად ვითამაშე და ტრავმაც ამან გამოიწვია. 


- სანამ გიორგის ტრანსფერი გამოვიდიდა, გუნდის ხელმძღვანელობამ თუ გკითხა მასზე აზრი?

- დიახ, სპორტულ დირექტორს ვესაუბრე და ხარაიშვილი ისე დავახასიათე როგორც საჭირო იყო?

- სხვა ქართველებით თუ ინტერესებოდა ფერენცვაროში?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა 6-8 თვის წინ საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელზე მკითხეს აზრი.

 



- საქართვლოს ნაკრებს 2 ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი ნიდერლანდებთან და რუმინეთთან. რა მოლოდინები გაქვს?

- ვფიქრობ ამ შეკრებაზე უფრო თამაშის დაყენებაზე ვიმუშავებთ. სანიოლი უკეთ გაიცნობს ფეხბურთელებს და ჩვენც უკეთ გავიგებთ რას მოითხოვს ფრანგი. შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე თამაშის ხარისხს უფრო მიექცევა ყურადღება. 

- 17, 19 და 21 წლამდელებში საკმაოდ ბევრი თამაში გაქვს ჩატარებული. ასაკობრივ ნაკრებებში 2 ევროპის ჩემპიონატზე გითამაშია. რამდენად დაგეხმარა ეს ყველაფერი?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ასაკობრივ ნაკრებებში მიღებული გამოცდილება ძალიან წამადგა. ნაბი-ნაბიჯ რომ მიდიხარ წინ და შემდეგ ეროვნულ გუნდში გიძახებენ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველი სანაკრებო გამოძახება ნიშნავს, რომ შენი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლო და ხალხს იმედები გაუმართლო.