სკოტი პიპენის ტრაგედია

ლეგენდარულმა სკოტი პიპენმა შვილი დაკარგა.

33 წლის ასაკში გარდაიცვალა სკოტის პირველი შვილი, ანტრონი.

 

მიზეზი - ქრონიკული ასთმა.


დიდების დარბაზის წევრი, მაიკლ ჯორდანის საუკეთესო თანაგუნდელი და, უბრალოდ, უკვდავი სახელი კალათბურთში. ეს იყო პიპენი, რომელიც მაიკლთან ერთად სპორტის ისტორიაში ყველაზე მაგარი ბენდის, პირველი ოცნების გუნდის წევრი იყო.

სკოტის შვილს NBA-ში თამაშის სურვილი ჰქონდა. უბრალოდ, ასთმის გამო, ეს არ გამოვიდა. და, ანტრონი სხვა გზაზე დადგა. მარკეტინგი. რაშიც, ბიჭს ფინანსურად მამა დაეხმარა.

სკოტი: ჩვენ გვაერთიანებდა კალათბურთის და ცხოვრების სიყვარული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით კალათბურთზე და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებდა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მას სურდა NBA-ში თამაში, მაგრამ არასოდეს შეუქმნია პრობლემა იმის გამო, რომ ეს არ გამოვიდა. ის ჩემი სიამაყე იყო.

სკოტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შვილებს.

რამდენიმე სარეკლამო კომპანია, ხმის ჩამწერი სტუდია, აუზი, ტრენაჟორების დარბაზი - სკოტიმ ეს შვილებს მისცა. ანტრონის გარდა, პიპენს შვიდი შვილი ჰყავდა.

სკოტი: ჩვენ ვართ წარმატებულები ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ეს ყველაზე ბევრს ნიშნავს. დღეს მე დავკარგე ჩემი პირველი სიხარული და მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით.