შენგელია და წითელი მანქანა

თორნიკე შენგელიაც მანქანაა. რომელიც ეპიზოდურად დგება და დაქოქვას ელოდება. რომელიც იდეალურად ერგება მთავარ მემანქანეს (დიმიტრის იტუდისი) და რომელიც დაუნდობელია.

თოკო და ცსკა ოთხთა ფინალში გავიდნენ.  და, ეს ამბები კიოლნში, უმაყურებლოდ იქნება.

კიდევ ერთი ოთხთა ფინალი. ზედიზედ მეცხრედ ცსკასთვის. პირველად თორნიკესთვის.

ცსკამ სტამბოლში იან ვესელით გაძლიერებული ფენერბახჩე დამარხა. ცსკამ მოკლა პრინციპული მოწინააღმდეგე და ცსკა იყო გუნდი.

85:68. და, რუსულმა ტანკმა კიდევ დაინდო ფენერი. ცსკას +20, +30 რომ დაესვა, ლოგიკური იქნებოდა. უბრალოდ, ფენერი ზედმეტად სწორხაზოვანი, ზედმეტად ელემენტარული იყო.

იგორ კოკოშკოვის გარეშე ფენერმა ვერ გაქაჩა.

თორნიკემ 6 ქულა აკრიფა. და, 4 მოხსნა. და, თითო პასი და ჩაჭრა. თოკომ დაცვაში მაგრად იმუშავა. არ წავიდა სროლა (10/2 ცუდია), მაგრამ თორნიკე ამჯერადაც იდეალური დამზღვევი იყო. თოკო გუნდზე მუშაობდა. სხვა მატჩებში გუნდი აუცილებლად იმუშავებს თოკოზე. კარგი თემა.

 

და, დაგლიჯა უილ კლაიბერნმა.

 

34 ქულა. კარიერის ახალი რეკორდი. 7 მოხსნით და სადისტური დაფარებით ნანდო დე კოლოზე. გენიალურმა ფრანგმა სადღაც ჩააგდო, მაგრამ ნანდო მაინც დაღალეს, დააშრეს მისი ენთუზიაზმი. ფენერმა მატჩი 12:0 გახსნა და შემდეგ, ცსკამ დაიწყო მეთოდური სადიზმის სეანსი. რომელიც მატჩის ბოლო აკორდებთან ერთად დასრულდა.

ცსკა უკეთესი შემსრულებლებით გადადის ბოლოსწინა დონეზე. ეს ცსკას ბედი და ხელწერაა. თორნიკე დიდ გუნდში გადავიდა. თორნიკემ უკვე მიიღო მისიის ნახევარი.

გავიხსენოთ, რომ ცსკას და თოკოს ჰქონდათ პრობლემები. სერიოზული პრობლემები.

დაიმტვრა ევროპის საუკეთესო ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი. და, ცსკამ გუნდის საუკეთესო დამცველი მაღალი - ჯოელ ბოლომბოიც დაკარგა.

დაიხურა მაიკ ჯეიმსის საგაც. ისე, რომ ამერიკელი სატიტულო გარჩევებამდე ვერ მივიდა.

და, ცსკამ გაძლო.

იმიტომ, რომ ეს ლეგენდარული ორგანიზაციაა.

რომელსაც არასოდეს (!!!) არ წაუგია ფლეი ოფის სერია. დაიმახსოვრეთ და ხშირად იმეორეთ.

თოკო უდიდესი გუნდის ნაწილია და თოკო ნახევარფინალშია. გილოცავთ.

და, უფრო მეტ თოკოს გისურვებთ.