სვიტოლინამ სამშობლოს უგანა

უკრაინა ფედერაციის თასზე შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

მელბურნული ზეიმი და ციებ-ცხელება დასრულდა, თებერვლის გარკვეული პერიოდი კი სამეფო სპორტში, უფრო კონკრეტულად ქალთა ჩოგბურთში სანაკრებო ბატალიებით იქნება დატვირთული. წინ ფედერაციის თასის დაპირისპირებებია.

 

ჩოგბურთში ხშირად არის შემთხვევები, ესა თუ ის მოთამაშე ნაკრებში თამაშს რომ უარობს. რატომღაც პატრიოტული მოტივები უკანა პლანზე ინაცვლებს ხოლმე. ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის ქალთა ნაკრებიც, რომელსაც 6-9 თებერვალს, პოლონეთში დაგეგმილ ფედერაციის თასზე მთავარი ლიდერი ელინა სვიტოლინა არ ეყოლება. ასევე ნაკრებზე უარი თქვა დიანა ესტრიმსკაიამაც. მიზეზი კი დაბალი ჰონორარია.

 

„უკრაინის ჩოგბურთის ფედერაცია გაცნობებთ, რომ ელინა სვიტოლინა და დიანა ესტრიმსკაია ფედერაციის თასზე ნაკრებს არ დაეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე წინასწარი შეთანხმება არსებობდა, მოთამაშეებმა მაინც უარი თქვეს. მიზეზი კი ახალი ფინანსური მოთხოვნებია, რომელიც წინა პლანზე ჩოგბურთელების აგენტმა წამოწია.

 

დასამალი არ არის, რომ ნაკრების თითოეული მოთამაშე ფედერაციისგან გარკვეულ საპრიზო თანხას იღებს, თუმცა აღნიშნული ჩოგბურთელების მოთხოვნილი ჰონორარი ამ ეტაპზე ჩვენს ბიუჯეტს დიდად აღემატება. აქვე გვსურს, იმ ჩოგბურთელებს, რომლებმაც თავიანთ გეგმებში ცვლილებები შეიტანეს და ნაკრებში ითამაშებენ დიდი მადლობა გადავუხადოთ“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე პირველ ჯგუფში არიან და პოლონეთში მათი მეტოქეები ბულგარეთის, შვედეთის და ესტონეთის გუნდები იქნებიან.