ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრიუმფით დაასრულა მიუნხენის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა 2 სეტში 6:4 7:6 მოუგო გერმანელ იან ლინარდ შტრუფს და კარიერაში მე-5 ტიტული მოიგო.

 

შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა - პირველსავე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და ანგარიშში წინ გავიდა 1:0. ქართველი ჩოგბურთელი იდეალურად თამაშობდა საკუთარ ჩაწოდებაზე - პირველი სეტის მიმდინარეობისას ჯამში მხოლოდ 3 ქულა წააგო და უპრობლემოდ შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა 6:4.

 

მეორე პარტია გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა - შტრუფი მძლავრად აწვდიდა და უპრობლემოდ იგებდა საკუთარ გეიმებს. სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი დაფიქსირდა - მე-6 გეიმში გერმანელმა ბრეიკპოინტი მიიღო ქართველის ჩაწოდებაზე, თუმცა ნიკამ საფრთხე მოიგერია.

 

 

ლოგიკურად, სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც მცირე უპირატესობა ნიკას გააჩნდა - 4:4-ზე ბასილაშვილმა მინიბრეიკი შეასრულა და მალე ორმაგი მატჩპოინტი მიიღო. შტრუფმა პირველი მატჩბოლი მოიგერია, მეორე შემთხვავში კი ნიკამ ვინერსით დაასრულა მატჩი 6:4 7:6 (7:5).

 

 

 

შეხვედრა 1 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 6 ეისი და 1 ბრეიკი იყო, თავისმხრივ იანმა 13 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

 

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთეშეხვედრების ისტორიაში ანგარიში 4:4 გახდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 41 145 ევრო მოიპოვა. ვინაიდან მიუნხენის ტურნირის სატიტულო სპონსორი BMW-ა, ქართველ ჩოგბურთელს ორგანიზატორებმა ბოლო მოდელის  BMW-ს ავტომობილიც გადასცეს.

 

ხვალიდან ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციას მოიგებს და 31-ე ჩოგანი გახდება.

 

ნიკა ბასილაშვილის მოგებული ტიტულები:

 

2018 წელი: ჰამბურგი, ბეიჯინგი

 

2019 წელი: ჰამბურგი

 

2021: დოჰა, მიუნხენი