ეს კუმანია!.. რა უნდა გერმანელის მაისურს მანდ?

რონალდ კუმანის ერთი საინტერესო ისტორია... მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მცველი ცოტა მჟავე ხასიათისაა, კონფლიქტურია და აი, ბარსელონა-გრანადას მატჩში გაძევებაც ამის დასტურია. ისე, ცნობილია, რომ კუმანი გაფრთხილებული იყო ძველ ამბებზე, თორემ კონკრეტულად გრანადასთან ბარსას მწვრთნელს ისეთი არაფერი გაუკეთებია.

 

უბრალოდ ეს თქვა მსაჯზე: „აი, ნახეთ ტიპი!“. ამის გამო კუმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს...

 

მაგრამ ახლა რასაც დავწერთ, გაცილებით საინტერესოა.

 

ევრო-88, ჰამბურგი, ნახევარფინალი. გფრ-ჰოლანდია 1:2. გერმანელები ლოთარ მათეუსის პენალტით იგებდნენ, კუმანმა პენალტითვე გაათანაბრა და 89-ე წუთზე მარკო ვან ბასტენმა წაქცეულმა, ურთულესი სიტუაციიდან გადამწყვეტი შეაგდო.

 

მინდვრიდან გასვლისას კუმანმა გერმანელ ოლაფ ტონს გაუცვალა მაისურა და უკანალზე მიიდო, ვითომ იწმენდდა.

 

ორი დღის მერე კუმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „დღეს ვიცი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რომ გითხრათ, ვნანობ-მეთქი, არა... არ ვნანობ“.

 

ევროპა, მსოფლიო, ამხანაგურები, შესარჩევები... იმ წლებში ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ისედაც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ხშირმა დაპირისპირებებმა სულ არია.  რაიკარდ-ფიოლერის ისტორიაც ხომ ცნობილია.  

 

„ამსტერდამში იმ საღამოს საოცრება ხდებოდა. ყველა ბარში სვამდნენ, ყვიროდნენ, მაგიდებზე ცეკვავდნენ. მერე ბევრნი ქუცაში გამოვიდნენ ველოსიპედებით და და ყვიროდნენ: „ახლა ველოსიპედებს ვეღარ წაგვართმევთ!“. იმ პერიოდში გერმანია წყეული მტერი იყო. აქსიომა“ - თქვა ცნობილმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ბას ლაპელაარსმა. 

 

თუმცა რატომ მხოლოდ 1988? ჯერ კიდევ 1974 წლის მსოფლიო ჩენპიონატის ფინალის წინა დღეებში თქვა ნიდერლანდელთა ნახევარმცველმა ვილი ვან ჰანეგემმა:

 

„გერმანელებს ვერ ვიტან. მათ მამა, და და ორი ძმა მომიკლეს. როცა გერმანელების წინააღმდეგ ვთამაშობ, მათი დამცირება სიგიჟემდე მინდა“ -  ეს ისტორიები football-oranje-ზე წერია.

 


 

თუმცა დავუბრუნდეთ კუმანს, რომელმაც მოგვიანებით მოუბოდიშა გერმანიას. ეს უკვე კარიერის დასრულების მერე:

 

„ემოციების ბრალი იყო. ამ დროს ზოგჯერ თავს კარგავ. გერმანიაში ჩვენ ვერ გვიტანენ, თან თამაშის წინ BILD-ში დაცინვით მოგვიხსენიეს. ემოციების შეკავება რთული იყო“.