სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა, ქალაქელებმა პსჟ-ს 2:0 მოუგეს და 2 მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხეს. 

 

დღევანდელ შეხვედრაში ქალაქელებმა პოჩეტინოს შეგირდებს ყველანაირად აჯობეს და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს. მანჩესტრელებმა 2 სწრაფი შეტევა 2 გოლით დააგვირგვინეს და ორივე ბურთი რაიად მაჰრეზის ანგარიშზეა. ალჟირელმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, დუბლი კი 63-ზე გაიფორმა. 

 

აღსანიშნავია, რომ მეორე გოლის შემდეგ პარიზელებმა უხეშობას უმატეს, თანაც ხშირად საკმაოდ არასპორტულად იქცეოდნენ. ერთერთ ეპიზოდში მსაჯმა ანხელ დი მარიას წითელი ბარათი უჩვენა და ფრანგები 10 კაცით დარჩნენ.

 

სათქმელია, რომ კილიან მბაპე პსჟ-ს დღეს ძალიან აკლდა. პოჩეტინოს შეგირდებს კარში არ დაურტყამთ და პსჟ-სგან ეს ძალიან უჩვეულოა.

 

სიტის 1/2 ფინალში მოგება ცხადია ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა, თუმცა ამ წარმატების მთავარ შემოქმედად თამაშიდან გამომდინარე შეგვიძლია პეპ გვარდიოლა მივიჩნიოთ. 2 რაუნდიანი დაპირისპირების უმეტეს ნაწილში, ესპანელმა არგენტინელი ვიზავი დაჯაბნა და სიტის ფინალის საგზური მოუტანა.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს სტამბოლში გაიმართება. მანჩესტერ სიტის მეტოქე რეალი ან ჩელსი იქნება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ხვალ ლონდონში გაიმართება.