გამოცდები

 გამოცდებს რა გამოლევს. მიდი, სოლშა!

ჟუზე მორინიუს წასვლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ მერვე თამაში მოიგო: ამჯერად, ასოციაციის თასის გათამაშებას  არსენალი ჩამოცაილა და ოლე გუნარ სოლსკიაერის დროებითი მენეჯერობის დროებითობის უაზრობას კიდევ ერთხელ  გაუღიმა დამცინავად.

 

 ინგლისურ ფეხბურთზე მოლაპარაკეთა და მწერალთა შორის უკვე საკმაოდ ხშირად გაიგონებთ: რატომ უნდა ეძებოს ახალი მენეჯერი იუნაიტედის ბორდმა, ან გლეიზერების ოჯახმა, როცა აგერაა გამზადებული კაცი, ჯერ ვითომ რიგით, მაგრამ ზედიზედ და გუნდისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებათა სულისჩამდგმელი, უკვე ერთი-ორი ეგებ არცთუ დიდი, მაგრამ საჭირო გამოცდის ფრიადზე ჩამბარებელი სოლშა: კლუბის სისხლი და ხორცი, მისი არსის მცოდნე და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიით დიდად სწორი და მიმზიდველი მწვრთნელი.

 

 

 იუნაიტედის და სოლსკიაერის ახლა მიმდინარე ამბავი ცოტათი იმასაც ჩამოჰგავს, ამხანაგმა ხუსკივაძემ რომ დასძახა ბონდო დოლაბერიძეს: გიბრძანებ, დაუყოვნებლივ  აღადგინო აი, ეს გუნდი! ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ  იუნაიტედის შემადგენლობა არ შეცვლილა, თუმცა კი,  გაირკვა, რომ ფეხბურთელებს ათჯერ უკეთესად შეუძლიათ თამაში, ვიდრე ამას მოურინიუს ხელში ახერხებდნენ და განა მარტო მოურინიუს?  სხვებიც, სხვებიც იყვნენ, თვით დავთრიანი  დიდი კაცი ცდილობდა. სული შთაებერა ამ გუნდისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

 

 თუმცა,  საბოლოო ჯამში, რამდენიც არ უნდა იძახონ, აგერ საჭირო კაციო, უფრო ძლიერად მაინც შეკითხვა გამოიყურება: ნუთუ, სეზონის ბოლოს სოლსკიაერს მუდმივ მენეჯერად მიიწვევენ? თუ,  იუნაიტედის თავმჯდომარე ვუდვორდი მაინც ეცდება, რომ პოჩეტინო მოხიბლოს  და ტოტენჰემი დაატოვებინოს?

 

 

ამაზე განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობდნენ ტოტენჰემ-იუნაიტედის მატჩის წინ.

ის თამაში სოლსკიაერმა გასვლაზე მოიგო და ამით ბევრი დაადუმა.

 

 ჯერჯერობით, ნორვეგიელის დამსახურება ერთია: მან იუნაიტედი კვლავ ბედნიერ კლუბად აქცია. ამ ბედნიერების ნივთიერ-თასობრივი გამოხატულებები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ეს დამსახურება მნიშვნელოვანი დამსახურებაა იმის ფონზე, რაც იუნაიტედში ტრიალებდა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ.

ახლა გუნდში ქლოუზ-ნითია, რაც მიზნისათვის ძმობას და ერთობას გულისხმობს. ამ ერთობას კი  კირან მაკკენასა და მაიკლ კარიკთან ერთად,  იუნაიტედის ძველი, ჭკუით და გამოცდილებით დატენილი მწვრთნელი მაიკ ფილანი აშენებს, ფერგის ძველი კაცი. 

 

 

 სოლსკიაერი კარგა მოქნილი ტაქტიკოსიც ჩანს, ამ რვათაგან ორ, რთულ და საგამოცდო  თამაშში მან საკამოდ მოხერხებულად ააწყო გუნდი და ფეხბურთლებს მათი შესაძლებლობებისთვის იქამდე მოუხმარი სივრცეები დაანახა. მეთოფეებთან მატჩის გმირი, მარჯვენა ფრთიდან დაძრული ლუკაკუ იყო, რომელიც ამ პოზიციაზე ცოტა ძნელი წარმოსადგენი ჩანდა ამ ერთი თვის წინათ. მარცხნივ სანჩესი და  შუაში კი ჯეს ლინგარდი -არსენალმა ვერაფერი გააწყო.   მაგარი კი ისიც იყო, რომ ლუკაკუ და სანჩესი  მარსიალმა და რაშფორდმა შეცვალეს, რომლებიც  სოლსკიაერის ხელში მრავალს  ახერხებენ.

 

 და მაინც, ეს შეკითხვების დროა და ვერავინ იტყვის, რომ სეზონის ბოლოს კლუბი მენეჯერობას ჩააბარებს სოლსკიაერს.

 

 ნეტავ თუ წარმოედგინა იუნიატედის უფროსობას,  რომ  სოლსკიაერის დროებით მოყვანით,  გუნდი ასე  შეიცვლებოდა?  ალბათ, ძნელად,  მაგრამ არჩევანი სწორი გამოდგა. 

 

 

 საბოლოოდ კი, ყველაფერი სოლსკიაერზე და მის შედეგზეა დამოკიდებული. თუმცა, ვიცით რობერტო დი მატეოს ისტორიაც- კაცმა ჩელსისთვის სრულიად ისტორიული ჩემპიონთა ლიგა მოიგო დროებითი მენეჯერის თანამდებობით და მუდმივ მენეჯერად რომ დანიშნეს, ნოემბრის ბოლოსვე მოხსნეს, იუვენტუსთან წააგეო.

 

 წინ კი თებერვალი და კიდევ უფრო დიდი გამოცდებია : პსჟ- ჩემპიონთა ლიგაში და მალევე ლივერპული.

 

 გამოცდებს რა გამოლევს. მიდი, სოლშა!