4:0 – კარლ ცაისი რომაული არდადეგების მერე (+VIDEO)

რუბრიკა: მივიწყებული „ქამბექები“ ევროტურნირებზე. პერიოდულად შემოგთავაზებთ ამბებს თავისი ვიდეოთი...

 

ეს ამბავი იმ დიდებულ სეზონში მოხდა, როცა თბილისის დინამომ თასების თასი მოიპოვა. ფინალში სწორედ კარლ ცაისს სძლია, რომელმაც გზად დაამარცხა ერთმანეთზე უკეთესი გუნდები: რომა, ვალენსია, ბენფიკა... სხვათა შორის, ყველაზე მეტად უელსის ნიუპორტთან გაუჭირდა.

 

რას წარმოადგენდა მაშინდელი კარლ ცაისი? გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იენაში იყო ეს კლუბი. ახლა გერმანიის მესამე ლიგაშია, მაგრამ იმ დროს ფურორი მოახდინა. ჯერ სამოციან წლებში სამჯერ გახდა ჩემპიონი, 70–იანებში მეორეზე გადიოდა და 1980–ში ქვეყნის თასი მოიპოვა. მოკლედ, თასების თასზე მათგან გრანდების გამოთიშვას ცოტა თუ ელოდა.   

 

პირველივე წრეში რომასთან მოხვდა, რომელსაც ჰყავდა ცნობილი ფლანგელი შემტევი ბრუნო კონტი, ბრაზილიელი ნახევარმცველი ფალკაო, ფორვარდი რობერტო პრუცო და საყრდენი კარლო ანჩელოტი. დიახ, სწორედ ის ანჩელოტი. კარლომ რომში გაუტანა კიდეც კარლ ცაისს და იტალიელებმა 3:0 მოიგეს.

 

ვითომ, რაღა უნდა მომხდარიყო?  რომა ფაქტიურად მეორე ეტაპზე გავიდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... ჰანს მაიერის გაწვრთნილმა კარლ ცაისმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა, რაც სენსაცია ჩანდა. მთავარი მერე დაიწყო, 70–ე წუთიდან. შეცვლაზე შევიდა 22 წლის ანდრეას ბილაუ და ერთ წუთში 3:0 აანტებინა ტაბლოზე.

 

დამატებითი დრო? არა, ბარემ, საქმე ბოლომდეო და ბილაუმ 87–ე წუთზე მეოთხეც აძგერა რომას. 4:0!

 

იარა, იარა კარლ ცაისმა და ბოლოს მაინც 13 მაისს დაასრულა დიუსელდორფში. ფინალშიც იგებდა ჰოპეს გოლით, მაგრამ ჯერ ვლადიმერ გუცაევმა გაათანაბრა, ბოლოს კი ვიტალი დარასელიას ოქრო–გოლი. თბილისის დინამომ მოიგო!

 

კარლ ცაისის მაშინდელი შემადგენლობიდან, ერთი  კაცის გარდა, ყველა ცოცხალია. მარჯვენა მცველი გერტ ბრაუერი გარდაიცვალა შარშან, 1 იანვარს...   

 


 

 

1980/1981. თასების თასი. 1/16 ფინალი. 17 სექტემბერი – 1 ოქტომბერი

 

რომა – კარლ ცაისი 3:0

 

გოლები: 1:0 პრუცო (5), 2:0 ანჩელოტი (23), 3:0 ფალკაო (72)

 

კარლ ცაისი – რომა 4:0

 

1:0 კრაუზე (26), 2:0 ლინდემანი (38), 3:0 ბილაუ (71), 4:0 ბილაუ (87)